საზოგადოება

უკრაინელთა კონტრშეტევა სევეროდონეცკში — ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები

5 ივნისი, 2022 •
უკრაინელთა კონტრშეტევა სევეროდონეცკში — ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები

უკანასკნელ 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკში კონტრშეტევა განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ბრიტანეთის დაზვერვის მიერ 5 ივნისის დილით გავრცელებულ რელიზში ნათქვმია, უკრაინელთა ეს ნაბიჯი “სავარაუდოდ შეაფერხებს” რუსეთის ძალების ოპერაციის წინსვლას, რომელსაც “საბრძოლო დანაყოფებისა და იარაღის კონცენტრაციით მიაღწიეს”.

დაზვერვის ცნობით, ამ რაიონში მოქმედი რუსული ძალები მოიცავს პერსონალსაც, რომელიც მობილიზებულია რუსეთის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული ძალების რეზერვიდან. ისინი ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეკუთვნიან.

რელიზში წერია, რომ ეს უკანასკნელნი ცუდად არიან აღჭურვილნი და გაწვრთნილნი; ამასთან, განიცდიან მძიმე ტექნიკის ნაკლებობას რუსულ ქვედანაყოფებთან შედარებით.

“ქალაქის გაწმენდის ოპერაციებისთვის მარიონეტული ქვეითი ძალების გამოყენება რუსული ტაქტიკაა, რომელიც მანამდე სირიაში დაფიქსირდა”, — ამბობს ბრიტანეთის დაზვერვა და იქვე აღნიშნავს, რომ  ეს ტაქტიკა სავარაუდოდ მიუთითებს რუსეთის რეგულარულ ძალებს შორის მსხვერპლის შემცირების სურვილზე.

უკრაინაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში უკან დაიხიეს. ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თანახმად, აქამდე რუსი სამხედროები ქალაქის 70-პროცენტზე მეტს აკონტროლებდნენ, ამჟამად კი – ქალაქის ნახევარს.

გაიდაის ინფორმაციით, რუსეთი მიზნად ისახავს სევეროდონეცკის და ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალის დაკავებას.

სევეროდონეცკი აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში მდებარეობს. დონბასის რეგიონში, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისგან შედგება, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წელს გააქტიურდნენ და ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დამყარება შეძლეს.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ქვეყნის დედაქალაქის, კიევის დაკავება, მოსკოვმა გაააქტიურა სამხედრო კამპანია ქვეყნის აღმოსავლეთში და თქვა, რომ დონბასის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდებოდა.

რუსული პროპაგანდისტული არხები არაერთგზის ცდილობენ, დაარწმუნონ აუდიტორია, რომ მოსკოვი თავისი სამხედრო მოქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ მოქალაქეებს იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი