საზოგადოება

შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, კიევში კვლავ გაისმა აფეთქებების ხმა

5 ივნისი, 2022 • 883
შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, კიევში კვლავ გაისმა აფეთქებების ხმა

კვირას, გამთენიისას, კიევში აფეთქებები მოხდა. ესაა რუსეთის მხრიდან უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული პირველი თავდასხმა შედარებითი სტაბილურობის შემდეგ, რომლის პირობებშიც კიევი ნელ-ნელა უბრუნდებოდა მშვიდ ცხოვრებას.

“დედაქალაქის დარნიცკის და დნიპროვსკის რაიონებში რამდენიმე აფეთქება მოხდა. სერვისები ადგილზე უკვე მუშაობს”, — დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე 5 ივნისის დილას.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, კიევში შესამჩნევი იყო კვამლი, რომელიც აფეთქებების შემდეგაც, კარგა ხნის მანძილზე დარჩა ჰაერში. ქალაქის მერის თანახმად, სულ მცირე ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. დაღუპულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო დარტყმები კასპიის ზღვიდან განახორციელა. პრეზიდენტის შტაბის უფროსის თანაშემწის, სერჰიი ლეშჩენკომ მოგვიანებით თქვა, რომ თავდასხმის სამიზნე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იყო.

Reuters ციტირებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომლის ვერსიითაც, მისმა რაკეტებმა გაანადგურეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული T-72 ტანკები და ჯავშანტექნიკა, რომლებიც განთავსებული იყო კიევში სარკინიგზო ვაგონების სარემონტო ობიექტში.

უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ოლეკსანდრ კამიშინმა დაადასტურა, რომ ოთხი რაკეტა დარნიცის სარკინიგზო ვაგონების სარემონტო ობიექტს დაეცა, მაგრამ უარყო, რომ ადგილზე რაიმე სამხედრო ტექნიკა იყო განლაგებული.

“მათი[რუსეთის] სამიზნე ეკონომიკა და მშვიდობიანი მოსახლეობაა”, — თქვა მან.

რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღნმდეგ, თუმცა გასულ კვირებში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყურადღება ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე გადაიტანა, კიევში ცხოვრება შედარებით დამშვიდდა.

უკრაინის აღოსავლეთში მდებარე ქალაქ კრამატორსკის მერი ოლექსანდრ გონჩარენკო წერს, რომ ღამის განმავლობაში ქალაქზე თავდასხმები განხორციელდა, რამაც გამოიწვია მასშტაბური ზიანი. არავინ დაღუპულა.

1 დღით ადრე, შაბათს, უკრანის ხელისუფლებაში თქვეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული კონტრშეტევის დროს ქალაქ სიევიეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს.

პუტინი ახალ სამიზნეებზე დარტყმით იმუქრება, თუ დასავლეთი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს

მასალების გადაბეჭდვის წესი