საზოგადოება

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ივლისში ჩატარდება

2 აპრილი, 2010 • 3796
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები  ივლისში ჩატარდება

წელს საქართველოში პირველად ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. ჯერ–ჯერობით გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის მასწავლებლები ჩააბარებენ.  გამოცდები ტესტის ფორმით იქნება.

სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. მასწავლებლები ვალდებული არიან  ორი გამოცდა ჩააბარონ: პროფესიული უნარების და საგნობრივი.  სერტიფიცირებულ პედაგოგებს ხელფასი 160 ლარით გაეზრდებათ,  ამასთან შეეძლებათ იმუშავონ მენტორ მასწავლებლებად.

„20 000 პედაგოგიდან,  რომლებმაც  გამოცდები უნდა ჩააბარონ,   უკვე  55 % –ია დარეგისტრირებული. ”ეს რიცხვი მიუთითებს, რომ მასწავლებლებმა ძალზედ სწორედ გაიგეს ჩვენი მიზანი. ეს  გამოცდები  მხოლოდ კვალიფიკაციის ასამაღლებლადაა და არ არის სადამსჯელო პროცესი. ის ისახავს ერთადერთ მიზანს, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია ამაღლდეს  და ჩვენს სკოლებში განათლების პროცესი იყოს უფრო მაღალ დონეზე“–განაცხადა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა 2 აპრილს   პრესკონფერენციაზე.

სერთიფიკატის მისაღებად მასწავლებლებმა თითოეულ გამოცდაში მაქსიმალური ქულის 60% უნდა დააგროვონ. პროფესიული უნარების და ქართული ენის ტესტი 80 ქულით, უცხოური ენის ტესტი 120 ქულით, ხოლო  მათემატიკის ტესტი 70 ქულით განისაზღვრა.

გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თქმით, ვინც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს,  გამოცდის გადაბარება 8–ჯერ შეეძლება.

„ვინც ვერ მოახერხებს მინიმალური ქულის გადალახვას, მას შეეძლება სუსტი მხარეები აღმოაჩინოს და მომავალ წელს ჩააბაროს. ეს არის სტიმული. ამასთან, ნებისმიერ საგნის მასწავლებელს შეუძლია ჩააბაროს პროფესიული უნარების ტესტი. მომავალ წელს უკვე გვექნება მზად ტესტები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და დაწყებითი კლასების  პედაგოგებისთვის“, – ამბობს მიმინოშვილი.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე ჩატარდა საპილოტე გამოცდები. მათ შორის ქუთაისში, თბილისში, თელავში , სადაც მონაწილეობა 3000 პედაგოგმა მიიღო.

„ამ პროცედურის ჩატარება სწორედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის გვჭირდებოდა, რამდენი უნდა ყოფილიყო მაქსიმალური ქულა, გამოცდის ხანგრძლივობა, რა უნდა ყოფილიყო ბარიერი.  შედეგების ანალიზის შემდეგ დადგინდა ბარიერი“ ,-აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

ამჟამად რეგისტრაცია 10 720 პედაგოგმა გაიარა. საბუთების შეტანა მასწავლებლებს 15 აპრილამდე შეეძლებათ. 2014 წლიდან კი სასერთიფიკატო გამოცდები სავალდებულო გახდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი