საზოგადოება

“ოცნება” აპელირებს მილიონებზე, რომელთა გამოც გვარამია არ დაუპატიმრებიათ

24 მაისი, 2022 • 1673
“ოცნება” აპელირებს მილიონებზე, რომელთა გამოც გვარამია არ დაუპატიმრებიათ

სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის კრიტიკის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არაერთგზის მიანიშნებენ პროკურატურის ბრალდებაზე მილიონების გაფლანგვის შესახებ, რაც ქმნის გაცდას, განცდას, რომ “მთავარი არხის” დირექტორი და “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენ. დირექტორი ხსენებული 7 მილიონამდე ლარის გამო ზის ციხეში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, გვარამიას 3.5 წელი ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის გამო მიუსაჯეს, რომელშიც ხსენებული მილიონები არ ფიგურირებს. ეს დეტალი კი განაჩენის გამოცხადების დღესვე იყო ნათელი.

“ოცნების” რიტორიკა გვარამიას საქმეზე

ჟურნალისტების კითხვების, პოლიტიკური ოპონენტებისა თუ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული შეფასებების პასუხად, მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას საქმეზე არაერთგზის ისაუბრეს. ხშირ შემთხვევაში, ხაზს უსვამენ 7 მილიონის გაფლანგვას ან მოპარვას.

“როდესაც კრიმინალზე, რომელმაც 7 მილიონი მოპარა ტელეკომპანიას, თავისუფალ მედიას, გეუბნებიან, რომ ჩემი აღქმა, შეიძლება, სხვანაირი იყოსო,  ბუნებრივია, მწარედ უნდა უთხრა სიმართლე”, — თქვა ირაკლი კობახიძემ “პირველი არხის” ეთერში.

მაშინ, როცა პასუხობდა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ გვარამიას განაჩენმა იქონიოს რაიმე გავლენა ევროკავშირის წევრობის კანიდდატობის პერსპექტივაზე საქართველოსთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა:

“თითქმის 7 მილიონი ლარით გაიძარცვა ტელეკომპანია “რუსთავი2″. ეს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს ამ ტელეკომპანიას.

ეს არის მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც გვარამიამ თანამზრახველებთან ერთად ჩაიდინა და 7 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონიერი მფლობელისთვის მოუწევდა მისი დაბრუნება.

ეს არის შემდგარი დანაშაული. ეს არის ფაქტი და მერე ფაქტი ჩვენ არ მოგვისმენია, რომ ეს დანაშაული არ იქნა ჩადენილი”.

ამავე კითხვაზე პასუხისას, კობახიძემ გაკვრით ახსენა “ავტომობილის ეპიზოდი”. კერძოდ, მან თქვა:

“მათ შორის პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა გვარამიამ ამ 7 მილიონის საკმაოდ დიდი ნაწილი – ავტომობილი და ა.შ. იცით, ეს ყველაფერი როგორ მოხდა”.

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 17 მაისს, მედიას ეუბნებოდა:

“თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული ტკიცებულება აქვს, რომ იქ არ ჰქონდა ადგილი 7 მილიონის გაფლანგვას თუ მოპარვას თუ დაზიანებას რუსთავი 2-ისა, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ”.

ჟურნალისტმა სამხარაძეს უთხრა, რომ გვარამია “ავტომობილის ეპიზოდზეა” დაპატიმრებული და არა მილიონების გაფლანგვის ბრალდებით, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ “საქმის დეტალები არ იცის”, თუმცა იქვე დაამატა:

“მე რამდენადაც ვიცი, ის დაპატიმრებულია 7 მილიონის ზიანის მიყენებაზე რუსთავი 2-სთვის”.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიტყვებით, “[გვარამიამ] 7 მილიონი გაუფლანგა იმ კომპანიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა — კონკრეტული მოტივებიც არის ახსნილი — და შესაბამისად, მიესაჯა”.

რას ედავებოდნენ გვარამიას

ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი (2014-2019) იყო.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“(TI) მიხედვით, რომელმაც საქმის მასალები შეისწავლა, ფაქტობრივი გარემოებები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდი

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას დაარღვია სამსახურებრივი ვალდებულება, არ იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

კერძოდ, 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში რ2-ის რეკლამის გაყიდვის უფლება გადასცა კერძო კომპანიას, შპს „ინტერ მედია პლიუსსს“, რომლისაგანაც ამის სანაცვლოდ მოითხოვა 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხასთან შედარებით მცირე ანაზღაურება.

შედეგად, პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა 2015 წლის 16 იანვრის გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლება და კომპანიამ 6 763 509 ლარის მატერიალური ზიანი განიცადა.

  • კომერციული მოსყიდვის, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ეპიზოდი

ბრალდების თანახმად, „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, 2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ სარგებლის სახით უძრავი ქონება (ორი ბინა) მიიღო.

პროკურატურისვე ვერსიით, უძრავი ქონების მიღების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 5 და 25 ივლისს გაფორმდა ყალბი (ფიქტიური) სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნულის საფუძველზე კი, ვითომდა სასესხო ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორმა ნიკა გვარამიას ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

  • ფულის გათეთრების ეპიზოდი

პროკურატურის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ უძრავი ქონება მიიღო, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა.

როგორც პროკურატურა ამბობს, „დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და საკუთრების შენიღბვის მიზნით ნიკა გვარამიამ 2017 წლის 7 ივლისსა და 26 სექტემბერს უძრავი ქონება 602 521.80 ლარად გაასხვისა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.“

“2015 წლისა” და “ავტომანქანის” ეპიზოდები

სასამართლომ გვარამია გაამართლა ბრალდებებში, რომლებიც ყალბი დოკუმენტის დამზადებას, კომერციულ მოსყიდვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას შეეხებოდა.

ბრალდებებზე, რომლებზეც ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს , პროკურატურა სსკ-ის 182-ე მუხლით(მითვისება ან გაფლანგვა) დაობდა. საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე.

პირველი, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი ეხება პროკურატურის ბრალდებას, რომლის თანახმადაც გვარამიამ, კომპანიის ფინანსური დირექტორთან ერთად 6 763 509 ლარი გაფლანგა.

მეორე, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდში, პროკურატურა დაობდა შემდეგს:

უწყების მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (პორშეს ცენტრი) ხელმძღვანელებს შესთავაზა, რომ მათგან ძვირადღირებულ ავტომობილს შეიძენდა, “რუსთავი 2”-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.

უწყების თანახმად, ხელშეკრულება 2019 წლის თებერვალში, პორშეს ცენტრსა და შპს “პროესკო მედიას” შორის გაფორმდა, თუმცა “პროესკო მედია” მხოლოდ ფორმალურად იყო 76 ათას ევროს (232 201 ლარი)  ღირებულების ავტომობილის მესაკუთრე, რეალურად კი ის გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა.

გამოძიების მიხედვით, პორშეს ცენტრი სრულად უხდიდა “პროესკო მედიას” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, თუმცა “ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას”.

“2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი”, — დასძენს პროკურატურა.

ორივე შემთხვევაში სასამართლო დაეთანხმა ბრალდების მტკიცებულებებს, თუმცა არ დაეთანხმა პროკურატურის შეფასებას დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე ეპიზოდი სსკ-ის 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

რის გამო დააპატიმრეს გვარამია

ზემოხსენებულის შესაბამისად, “მილიონები”, რომელზეც მმართველ გუნდში აპელირებენ, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდის ნაწილია. სასამართლოს გვარამია ამ ეპიზოდის გამო არ დაუპატიმრებია. პირველი ინსტანცია ბრალდების ამ ნაწილზე 50 000-ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლა როგორც გვარამიას, ისე დამენიას შემთხვევაში.

“მთავარი არხის” დირექტორის დაპატიმრების მიზეზი, რეალურად, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდია. გვარამია 3.5 წელი იმ ავტომანქანის კონტექსტში მიუსაჯეს, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ, ოჯახთან ერთად, პირადი მიზნებით გამოიყენა და ამით “რუსთავი 2” აზარალა.

უფრო მკაცრმა სასჯელმა(პატიმრობა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი(ჯარიმა) შთანთქა და საბოლოოდ, გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

ნახეთ მოსამართლის სიტყვა:

ნიკა გვარამია დასაწყისშივე უარყოფდა ყველა ბრალდებას და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. როგორც დაცვის მხარე, ისე პროკურატურა, აპირებენ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ საქალაქოს გადაწყვეტილება.

გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თანახმად, სადავო ავტომობილი ამჟამად დაყადაღებულია და პროკურატურის სადგომზეა განთავსებული. დაცვის მხარე არ ადასტურებს პროკურატურის ვერსიას, რომ ავტომობილი გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში იყო.

“ამ ავტომობილზე საკუთრების უფლება არც ნიკა გვარამიაზე, ან გვარამიას ოჯახის წევრებზე ან მასთან დაკავშირებულ პირზე არასდროს გადასულა.

ამიტომ, შინაარსობრივად სწორი მესიჯია, სამსახურებრივი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენების გამოა დაპატიმრებული ნიკა გვარამია”, — აღნიშნავს საძაგლიშვილი და უარყოფს პროკურატურის ვერსიას, რომლის თანახმადაც ავტომანქანის ნაწილში “რუსთავი 2”-მა მატერიალურად იზარალა.

გასული კვირის ბოლოს ნიკა გვარამიას განაჩენზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც ჰკითხეს. ჟურნალისტის რეპლიკას, “თქვენი ოჯახის წევრებიც გადაადგილდებიან სამსახურებრივი მანქანით”, ღარიბაშვილმა უპასუხა:

“მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია. რა შუაშია? მე რომ მადარებთ, ჩემ ოჯახს და ჩემი ოჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით.

ამას ეუბნებით ხალხს. ეს არის ტყუილი, ეს ერთი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად მე ჩემი მანქანით გადავადგილდები… სხვა თემებზე მე აღარ მსურს საუბარი”.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  “ფეიკი” უწოდა რიტორიკას, რომ გვარამია სამსახურის ავტომანქანით სარგებლობისთვის დასაჯეს, ვინაიდან ეს მანქანა უშუალოდ “რუსთავი 2”-ის ბალანსზე არ ყოფილა. მანვე გაიმეორა, რომ ორივე ეპიზოდში, რომელთა შემთხვევაშიც მოსამართლემ გვარამია დაამტყუნა, ამ უკანასკნელმა ფინანსური ზიანი მიაყენა კომპანიას.

გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი