საზოგადოება

პროკოპენკოს თქმით, დავალება შეასრულეს, რუსული მედია აზოვსტალიდან დაჭრილების ევაკუაციაზე საუბრობს

17 მაისი, 2022 • 7073
პროკოპენკოს თქმით, დავალება შეასრულეს, რუსული მედია აზოვსტალიდან დაჭრილების ევაკუაციაზე საუბრობს

აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო ამბობს, რომ მათ კიევიდან მიღებილი დავალება შეასრულეს და მისი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა სურს. პროკოპენკოს ეს განცხადება “აზოვის” პოლკის ტელეგრამზე გავრცელდა.

“მარიუპოლის მცველებმა ყველა სირთულის მიუხედავად ბრძანება შეასრულეს… ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიუნალურად გაწვრთნილი სამხედროების გარეშე, რაც მათ ჯარის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს.

სიცოცხლეების გადასარჩენად მარიუპოლის მთელი გარნიზონი ახორციელებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს”, – ნათქვამია “აზოვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის თავდაცის სამინისტრომ 16 მაისს განაცხადა, რომ აზოვსტალის ქახნიდან უკრაინული ჯარების გაყვანა დაწყებულია. მოგვიანებით, რუსულმა გამოცემამ, RT-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ავტობუსები, რომლებიც მედიასაშუალების მტკიცებით, აზოვსტალის ქარხანას ტოვებენ. გავრცელებულ ვიდეოში რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის ჟურანლისტი ამბობს, რომ რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა, რომლის საშუალებაც 200-300 ადამიანი ტოვებს “აზოვსტალს”.

ავტობუსებზე, რომელიც კადრებში ჩანს უკრაინასთან ომში რუსეთის სიმბოლო – Z აქვს დატანილი. ჟურნალისტი ამბობს, რომ ავტობუსებით აზოვსტალიდან საავადმყოფოში მიჰყავთ დაჭრილი ადამიანები.

ამასთან, აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციაზე საუბრობს Reuters-ც. გამოცემის ინფორმაციით, “აზოვსტალის” ქარხანა დაახლოებით ათმა ავტობუსმა დატოვა, სადაც უკრაინელი მებრძოლები ისხდნენ. გამოცემა აცხადებს, რომ შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, დაახლოებით რამდენი ადამიანი იყო ავტობუსებში.

CNN-ის ცნობით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ დაჭრილი სამხედრო კლინიკაში. CNN წერს, რომ ვიდეოში სამხედრო არაფერს ამბობს და მისი იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.

რუსეთის სამთავრობო მედიამ “რია ნოვოსტიმ” ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, 16 მაიისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვსტალიდან” დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაიწყეს. გამოცემის ცნობით, დაშავებულები დონეცკში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე უკრაინის ოფიციალურ უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაბამისად არ არის დადასტურებული, ნამდვილად მოხდა თუ არა “აზოვსტალიდან” მარიუპოლის მცველების ევაკუაცია.

დაჭრილი ჯარისკაცები აზოვსტალიდან გაჰყავთ. ფოტო: Reuters

დაჭრილი ჯარისკაცები აზოვსტალიდან გაჰყავთ. ფოტო: Reuters

დაჭრილი ჯარისკაცები აზოვსტალიდან გაჰყავთ. ფოტო: Reuters

დაჭრილი ჯარისკაცები აზოვსტალიდან გაჰყავთ. ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი