საზოგადოება

„საქართველოს ფოსტამ“ უკრაინაში 1კგ ტვირთის გაგზავნაზე 115 ლარი დააწესა

11 მაისი, 2022 • 1459
„საქართველოს ფოსტამ“ უკრაინაში 1კგ ტვირთის გაგზავნაზე 115 ლარი დააწესა

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა „საქართველოს ფოსტამ“ ისევ ფასიანი გახადა. 1 კილოგრამი ტვირთის ღირებულება 115 ლარია. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს „საქართველოს ფოსტაში“.

ოპერატორის თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ იგზავნებოდა აქციის ფარგლებში, ახლა კი აქცია დასრულდა.

„ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნა – ეს აქცია აღარ არის, დასრულდა. მხოლოდ აქციის ფარგლებში იგზავნებოდა უფასოდ, ახლა ჩვეულებრივად შეგიძლიათ გააგზავნოთ ტვირთი ტარიფით. 1 კილოგრამი ტვირთის გაგზავნა 115 ლარია“, – გვეუბნება ოპერატორი.

ოპერატორს ვკითხეთ, მაშინ, როცა ევროპის მიმართულებით 1კგ-მი ტვირთი 5 ევრომდე ღირს, რატომ ღირს უკრაინაში გაგზავნა 115 ლარი? ოპერატორის თქმით, „ეს სახმელეთო ტარიფია. უკრაინასთან კი სახმელეთო გზავნილები არ არის. ევროპასთანაც. რამდენიმე ქვეყანაა, სადაც სახმელეთო გზავნილები ხორციელდება.

სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, გერმანიაში ტვირთის გაგზავნა 5 კილოგრამამდე სახმელეთო გზავნილი ღირს 100 ლარი და 1 კილოგრამის ღირებულება 115 ლარია საჰაერო“, – გვეუბნება ოპერატორი.

რადგან „საქართველოს ფოსტამ“ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და უფასოდ აგზავნიდა ჰუმანიტარულ ტვირთს, რატომ არ გაგრძელდა ეს აქცია თუნდაც მაისის ბოლომდე, რადგან უკრაინაში ისევ აქტიურია ომი? – ოპერატორი ამბობს, რომ იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა აქცია, ინფორმაციას არ ფლობს.

საქართველოდან ძალიან ბევრი ტვირთი იგზავნება, როგორც სამედიცინო დახმარება, ასევე სურსათი, ომში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. როგორც „საქართველოს ფოსტაში“ გვეუბნებიან, უკრაინაში ტვირთი საკმაოდ დაგვიანებით, 14-20 დღეში ჩადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი