საზოგადოება

4 რამ, რაც უკრაინას გასამარჯვებლად სჭირდება — ამერიკელი გენერალი

6 მაისი, 2022 • 23218
4 რამ, რაც უკრაინას გასამარჯვებლად სჭირდება — ამერიკელი გენერალი

ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალ-მაიორი მაიკ რეპასი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მან ოდესმე შეძლოს რუსების განდევნა საკუთარი ტერიტორიებიდან.

რეპასი, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კონსულტაციებს უწევდა უკრაინელ სამხედროებს, CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკის მიწოდების ჯაჭვი არაეფექტურია და საჭიროა დამატებითი სამხედრო ძალები იმისთვის, რომ რუსები უკრაინიდან განდევნონ.

უკრაინაში ომის მოსაგებად რეპასი მხარს უჭერს, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა შექმნან უკრაინული სტრატეგიული დამრტყმელი ძალა, რომელიც შედგება 40 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ხუთ ბრიგადისგან, რომლებსაც შეუძლიათ შეტევითი ოპერაციების განხორციელება.

„ოთხი რამ არის, რაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააკეთონ. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება რუსეთის დასუსტება უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებით. მეორე — გვჭირდება რუსეთის შემდგომი შეკავება საკუთარი და ნატო-ს შესაძლებლობების გაზრდით. მესამე არის რუსეთის შეიარაღებულ ძალების და შესაძლებლობების დეგრადირება. დაბოლოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში და ამის გაკეთება შესაძლებელია უკრაინისთვის სტრატეგიული და ოპერატიული სარეზერვო ძალების შექმნით, რომელსაც შეუძლია შეტევითი ოპერაციების ჩატარება უკრაინიდან რუსების გასადევნად და მისი საზღვრების დასაცავად“, — განაცხადა რეპასმა.

მისი აზრით, ხუთმა ქვეყანამ — შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, პოლონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ — უნდა უზრუნველყოს თითო უკრაინული ბრიგადის აღჭურვა და გაწვრთნა საკუთარ ტერიტორიაზე და ასე შექმნას 5  თავდასხმისუნარიანი ბრიგადა დასავლური აღჭურვილობით, დასავლური, ინტეგრირებული საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მიდგომით, ნატო-სთან თავსებადი ტანკებით, ახლო საჰაერო მხარდაჭერითა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით. შემდეგ კი, მათი წვრთნით საკუთარ ქვეყნებში. რეპასის აზრით, ამის გაკეთებას დასჭირდება ექვსიდან რვა თვემდე.

„მე მჯერა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ იპოვონ ამდენი ჯარისკაცი არსებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით“, — თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი