საზოგადოება

თურქეთი ამბობს, რომ საჰაერო სივრცეს კეტავს სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის

24 აპრილი, 2022 • 10820
თურქეთი ამბობს, რომ საჰაერო სივრცეს კეტავს სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა კეტავს თავის საჰაერო სივრცეს სირიისკენ მიმავალი რუსული სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აკრძალვა 3 თვით იმოქმედებს.

თურქეთი მხარს უჭერს მებრძოლებს, რომლებიც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას ეწინააღმდეგებიან. თავის მხრივ, რუსეთი წლებია აწარმოებს მასშტაბურ საჰაერო ოპერაციებს ასადის მხარდასაჭერად.

როგორც BBC წერს, თურქეთის ზემოხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, რუსულ თვითმფრინავებს უფრო გრძელი მარშრუტებით მოუწევთ ფრენა, რათა სირიას მიაღწიონ.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა თავი შეიკავა მოსკოვისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ დაწესებულ ფართო სანქციებზე შეერთებისგან, თუმცა, ამავე პერიოდში გადაწყვიტა, არ შეეშვა რუსული სამხედრო გემები შავ ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლების გავლით.

ამასთან, თურქეთი ცდილობს მედიაციას რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა ეს უკანასკნელნი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

2 თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.

მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი