საზოგადოება

„აზოვსტალში“ გამაგრებულები მესამე ქვეყანაში გაყვანას ითხოვენ

20 აპრილი, 2022 • 2004
„აზოვსტალში“ გამაგრებულები მესამე ქვეყანაში გაყვანას ითხოვენ

36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, თავის ვიდეომიმართვაში, მსოფლიო ლიდერებს სთხოვს, გადაარჩინონ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. მას ერთ-ერთ გამოსავალ ვარიანტად მიაჩნია იქ მყოფთა გაყვანა მესამე ქვეყანაში. 

სერგეი ვოლინა ჰყვება, რომ ვითარება ძალიან მძიმეა, ქარხანაში უკვე 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა.

„ეს არის მსოფლიოსადმი ჩვენი მიმართვა, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი იყოს.  შეიძლება, დღეები და საათებიც კი გვაქვს დათვლილი. მოწინააღმდეგე ათჯერ მაინც აღემატება ჩვენს ძალებს – ისინი აკონტროლებენ ცას, ფლობენ უპირატესობას არტილერიაში, სამხედრო დაჯგუფებებში, აქვთ მეტი ტექნიკა, ტანკები“, – ამბობს ვოლინა.

36-ე ბრიგადის მეთაური, რომელმაც მანამდე წერილი რომის პაპს გაუგზავნა, მსოფლიო ლიდერებს მიმართავს – „მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ ექსტრადიციის პროცედურები და გაგვიყვანოთ აქედან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი, ჩვენთან ერთად მყოფი 500 დაჭრილი მებრძოლი და ასობით მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები. გთხოვთ, უზრუნველყავით ჩვენი უსაფრთხოება მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე“.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, სერგეი ვოლინამ მანამდე ისაუბრა მარიუპოლის გათავისუფლების ორ ვარიანტზე: ვოლინას თქმით, პირველი შესაძლოა იყოს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია,  ხოლო მეორე – პოლიტიკური გამოსავალი.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი. აღნიშული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ომი ამ დრომდე აქტიურ ფაზაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი