სლოვაკეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს:

„შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთმა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა საჰაერო თავდაცვის S-300 სისტემა, რომელიც უკრაინამ ითხოვა რუსეთის ფედერაციის მომავალი აგრესიისგან თავის დასაცავად”, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა.

გამოცემის მიხედვით, ჰეგერმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ სლოვაკეთს საკუთარი თავდაცვა უზრუნველყოფილი აქვს. Reuters აცხადებს, რომ ნატოს წევრი სლოვაკეთი S-300 სისტემის ერთ კომპლექტს იყენებდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ დარჩა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივის და კიევის რეგიონი დატოვეს, უკრაინული მხარე რუსეთის ჯარების გადაჯგუფებას და გაძლიერებულ შეტევად დონბასის რეგიონის მიმართულებით ელოდება.