საზოგადოება

კელი დეგნანი უკრაინის დაზვერვის ცნობებს ეხმაურება

6 აპრილი, 2022 •
კელი დეგნანი უკრაინის დაზვერვის ცნობებს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინული მხარის მიერ საქართველოს მისამართით წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს უნდა გაირკვეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის.

მისი თქმით, ბრალდებები სერიოზულია და შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს.

„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის. ეს არის ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ დაუშვებს, სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მსმენია, რომ ადამიანები ამბობენ, ამ ომის შეჩერება არავის შეუძლია.

ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მისი დასრულებაც დღესვე შეუძლია. ეს სასტიკი, არაცივილიზებული თავდასხმაა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოზე. სანქციები გამიზნულია იმისთვის, რომ მას ამის გაკეთება ვაიძულოთ, ერთიანობა აბსოლუტურად ერთსულოვანია, რომ ზეწოლა შენარჩუნდეს. ეს ისაა, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ მექანიზმად აქცევს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების რეჟიმი იყოს დაცული, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლზე, რათა შეწყვიტოს ომი“ – აცხადებს კელი დეგნანი.

აშშ-ის ელჩს ჟრუნალისტებმა ასევე ჰკითხეს, მოხდა თუ არა ამ ინფორმაციის გადამოწმება ამერიკის დაზვერვასთან, რაზეც კელი დეგნანმა გაიმეორა, რომ ასეთი სერიოზული საკითხები მედიის წინაშე არ უნდა წყდებოდეს, მხარეებს ოფიციალური არხებით კომუნიკაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ პროცესიში ახლა მხოლოდ რუსეთი სარგებლობს:

„ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რაც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ეს უნდა მოხდეს შესაბამისი არხებით, მთავრობებს შორის. ერთადერთი, ვინც ამ პროცესით სარგებლობს, რუსეთია. მე მოვუწოდებ, ეს პროცესი შესაბამის არხებში გადაიტანონ, რათა შესაბამისად იქნას გამოძიებული და გადაჭრილი“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

„თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ“, — განაცხადა კულებამ, censor.net-ის ინფორმაციით, ერთიანი ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი