თბილისში უკრაინელი ლტოლვილის მანქანა გაქურდეს. ამის შესახებ უკრაინიდან ლტოლვილი ელიზავეტა ფილატოვა ინსტაგრამზე წერს. ის თბილისში 4 წლის შვილთან ერთად იმყოფება.
მისი თქმით, ნივთები, რომლებიც ლუგანსკში დაბომბვას გადაურჩა, თბილისში იმ მანქანიდან მოჰპარეს, რომელსაც უკრაინული ნომრები ჰქონდა.
„ყველაფერი მოიპარეს, ნივთებითა და ფეხსაცმელებით დაწყებული, 6500- დოლარიანი ლაზერით და სამუშაო ტექნიკით დამთავრებული… ეს ყველაფერი ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოეში დაბომბვებს გადავარჩინე. მთელი მანქანა თავდაყირაა. აქ რომ მოვდიოდი, უსაფრთხოებას ვეძებდი ჩემთვის და ჩემი ბავშვისთვის.
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიღაც არაადამიანები ლტოლვილებს გაქურდავდნენ, სათამაშოებს მიყრიდნენ მანქანასთან. გაქურდავდნენ ადამიანებს, რომლებიც ჯოჯოხეთს გამოექცნენ! ადამიანებს, ვისაც უკანსკნელი რაღაცები დარჩათ! უკრაინული ნომრები [მქონდა].
როგორ მოუბრუნდათ ხელი, როგორ დაუშვა მათმა სინდისმა ასეთი რამ…“, — წერს ელიზავეტა ფილატოვა.
მისი თქმით, თავდაპირველად, როდესაც პოლიცია გამოიძახა, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა არც მანქანა შეამოწმეს, არც ანაბეჭდები აიღეს და არც ჩვენება ჩამოართვეს. მიზეზად კი უთხრეს, რომ რუსული ენის თარჯიმანი სჭირდებოდათ და მოგვიანებით დაურეკავდნენ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, მასთან გვიან ღამით საპატრულო პოლიციის ახალი ეკიპაჟი მივიდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.