საზოგადოება

ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ცნობები ომზე – 31 მარტი

31 მარტი, 2022 • 1431
ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ცნობები ომზე – 31 მარტი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სადაზვერვო ცნობებს აქვეყნებს უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად:

  • მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რომ ჩერნიგოვის გარშემო სამხედრო აქტივობას შეამცირებენ, რუსეთის მხრიდან ძლიერი დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები გაგრძელდა.
  • შეზღუდული რაოდენობის ქვედანაყოფების გაყვანის მიუხედავად, რუსული ძალები კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით პოზიციების დაკავებას აგრძელებენ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მძიმე ბრძოლები გაიმართება ქალაქის გარეუბნებში.
  • მძიმე ბრძოლები გრძელდება მარიუპოლში, რომელიც რუსული ძალების მთავარი მიზანია, თუმცა უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს.

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ნდობის, შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება სამხედრო აქტივობებს კარდინალური ზომებით შემცირებაზე კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ჯარების მანევრები კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში არა უკანდახევა, არამედ არის „გეგმური გადაჯგუფება“.

როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებიდან ჯარების „გეგმური გადაჯგუფების“ მიზანი საბრძოლო მოქმედების პრიორიტეტული მიმართულებებით გააქტიურებაა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, „გეგმური გადაჯგუფება“ პირველ რიგში ხდება „დონბასის სრული განთავისუფლების ოპერაციის დასასრულებლად“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.9-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი