ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით მორიგ სადაზვერვო ცნობებს აქვეყნებს, რომელიც გასულ 24 საათს შეეხება.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად:
- უკრაინის ძალებმა გააგრძელეს ლოკალიზებული წარმატებული კონტრშეტევები კიევის ჩრდილოეთით, ირპენის, ბუჩის და ჰოსტომელის ჩათვლით, რასაც რიგი პოზიციებიდან რუსების უკან დახევა მოჰყვა.
- თუმცა რუსეთის ჯარები, მათი დარტყმის [არტილერია] შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნიან ქალაქ კიევისთვის.
- რუსეთმა მძიმედ დაბომბვებით გააგრძელა შეტევა მარიუპოლზე, თუმცა ქალაქის ცენტრი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ.
- სხვაგან რუსული ჯარები აგრძელებენ პოზიციების ბლოკადას, ამავდროულად, ცდილობენ რეორგანიზაციას და ძალების გადატვირთვას.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები არსებითად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს კონცენტრირდეთ ჩვენი ძირითადი ძალისხმევის მთავარი მიზნის მიღწევაზე: დონბასის განთავისუფლებაზე”, — დასძინა მან.
სამხედრო ინტერვენციის დასაწყისში, რუსეთი ამბობდა, რომ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული კამპანიის მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაცია” და “დენაციფიკაცია” იყო.
გასული 1 თვის მანძილზე რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საკვანძო ქალაქების, მათ შორის, კიევის დაკავება. აშშ-ის შეფასებით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოსკოვის წინსვლა არ შეინიშნება, უკრაინას კი შანსი აქვს, დაიბრუნოს ხერსონი — პირველი დიდი ურბანული ცენტრი, რომლის დაკავებაც რუსეთმა მოახერხა.
რუსეთის არმიამ შედარებით წარმატებას მიაღწია სამხრეთში, სადაც დაიკავა ქალაქები, მათ შორის, ხერსონი. რუსეთის ძალების გარკვეული წინსვლა აღმოსავლეთშიც შეინიშნება.
BBC-ს ცნობით, გენერალმა რუდსკოიმ რიგი ქალაქების, მათ შორის კიევის დაბომბვა და მათი ალყაში მოქცევისკენ სწრაფვა დაახასიათა, როგორც უკრაინის ძალების შებოჭვის მცდელობა, სანამ რუსეთი აღმოსავლეთზეა ფოკუსირებული.
დონბასის რეგიონი, რომელზეც რუსეთი საუბრობს, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებისგან შედგება. აქ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წელს გააქტიურდნენ და მას შემდეგ ებრძვიან უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას.
ნიშნავს თუ არა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადება მოსკოვის უარს უკრაინის დანარჩენი ტერიტორიების(დონბასის გარდა) ხელში ჩაგდების გეგმებზე? აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, Financial Times-ს უთხრა:
“ომის დასრულებამდე დიდი საფრთხის შემცველია საჯარო პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იბრძვით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმიის წინააღმდეგ”.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.