საზოგადოება

“არ გრცხვენიათ?” – კიევი თბილისს კარასინის კომენტარზე

25 მარტი, 2022 • 3234
“არ გრცხვენიათ?” – კიევი თბილისს კარასინის კომენტარზე

უკრაინული მხარე კრიტიკულად ეხმაურება გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია დასავლური სანქციების შესახებ „გაწონასწორებულია“.

„რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისი – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში.

მანამდე, 24 მარტს მოსკოვში, გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული  საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, ქართულ-რუსული საექსპერტო ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც, ფონდის ცნობითვე, 40-მდე ექსპერტი, პოლიტოლოგი, მეცნიერი და ქართული დიასპორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის, ქართულ მხარეს წარმოადგენს დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი.

როგორც გორჩაკოვის ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

კარასინის განცხადებით, მხარეებმა უკანასკნელ წლებში მიაღწიეს იმას, რომ რუსეთი რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა საქართველოსთვის.

ამასთან, კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა  საქართველოს რეაქციას რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებზე და თქვა, რომ ეს ფაქტი „შეუმჩნეველი არ დარჩება“.

„ის, ვინც ჩვენ მიმართ პატიოსნად იქცევა და ღიად გველაპარაკება, ჩვენს მეგობრად რჩება“, – განაცხადა კარასინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი