საზოგადოება

არესტოვიჩმა ახსნა, რა სჭირდება უკრაინას კონტრშეტევისთვის

25 მარტი, 2022 • 5661
არესტოვიჩმა ახსნა, რა სჭირდება უკრაინას კონტრშეტევისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსიი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბევრ მიმართულებაზე შეუძლიათ კონტრშეტევაზე გადასვლა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაკლებობის გამო ამას ვერ ახერხებენ:

„ჩვენ რომ სერიოზული რაოდენობის იარაღი გვქონოდა, იმდენი, რამდენსაც პრეზიდენტი ითხოვს, უკვე გადავიდოდით კონტრშეტევაზე ბევრი მიმართულებით. იქ ჩვენ წინააღმდეგ არიან ჯარები, რომლებსაც არათუ წინააღმდეგობის გაწევა, არამედ გაქცევაც არ შეუძლიათ – საწვავი არ აქვთ. ეს ძალიან კარგი მომენტია, მაგრამ მძიმე ტექნიკა და შეიარაღება არ გვაქვს“.

მისივე თქმით, იარაღი, რომელსაც ამჟამად უკრაინას აწვდიან, პარტიზანული ომისთვის უფროა გათვლილი:

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იარაღს პარტიზანული ომისთვის გვაწვდიან. ეტყობა, რუსეთის სარდლობის მსგავსად ეგონათ, რომ სამ დღეში დავკარგავდით სახელმწიფოს და პარტიზანული ომი იქნებოდა. გვაძლევენ ნაღმტყორცნებს, საზენიტო რაკეტულ კომპლექსებს, როგორც ავღანელ მოჯაჰედებს… შეიარაღება, რომელიც ჯარს სჭირდება, ისე ჩანს, ჯერჯერობით არ იქნება“, – განაცხადა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 მრტს ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის გამოყოფას. ამით 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა მხოლოდ მიმდინარე კვირას გამოცხადებული დახმარების მოცულობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და უფრო მეტ თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკვე აწვდიდა, მათ შორის, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და Stinger-ის საზენიტო რაკეტების ჩათვლით, თუმცა დახმარება არ მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, რომელსაც უკრაინა ითხოვს.დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა კი განაცხადა უკრაინისთვის Starstreak- ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შესახებ.

აშშ-ის სამხედრო დახმარება კი, ბაიდენის ცნობით, მოიცავს:

  • 800 ერთეულ მცირე და შორ მანძილზე მოქმედ საზენიტო სისტემას;
  • 9 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას;
  • 7000 ერთეულ მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღს და 20 მილიონ ტყვია-წამალს;
  • დრონებს

გუშინ ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ დაპირებული შეიარაღების მიწოდება უკრაინაში უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი