საზოგადოება

უკრაინაში ომს სულ მცირე 847 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა – UN

19 მარტი, 2022 • 1480
უკრაინაში ომს სულ მცირე 847 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა – UN

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 847 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის 64 ბავშვია. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი(OHCHR ) ავრცელებს.

მონაცემები მოიცავს პერიოდს 24 თებერვლიდან(უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან) 18 მარტამდე. აღნიშნული რიცხვი 31-ით მეტია მიმდინარე კვირის პარასკევს გამოქვეყნებულ მონაცემთან შედარებით.

OHCHR-ის მიხედვით, ამავე პერიოდში დაშავდა 1 399 მოქალაქე, მათ შორის 78 ბავშვი.

უწყება ფიქრობს, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

განცხადების მიხედვით, OHCHR-ის მიერ აღრიცხული მსხვერპლი ძირითადად გამოწვეულია მძიმე არტილერიის გამოყენებით განხორციელებული დაბომბვით, ისევე როგორც მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან განხორციელებული თავდასხმებითა და სარაკეტო/საჰაერო დარტყმებით.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი