საზოგადოება

რუსეთი ემუქრება ბოსნია და ჰერცოგოვინას ნატო-სთან დაახლოების შემთხვევაში

17 მარტი, 2022 • 4148
რუსეთი ემუქრება ბოსნია და ჰერცოგოვინას ნატო-სთან დაახლოების შემთხვევაში

რუსეთი „მტრულ აქტად“ აღიქვამს ბოსნია და ჰერცეგოვინისა და ნატო-ს პრაქტიკულ დაახლოებას და ასეთ შემთხვევაში „რეაგირებით“ იმუქრება.

რუსეთის საელჩომ ბოსნია და ჰეცოგოვინაში 17 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ნატო-ს მიზანია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ალიანსში გაწევრიანება სარაევოს აიძულებს, დაიკავოს მხარე „სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში“.

საელჩოს თქმით, ამ განცხადებით მას სურს გამოთქვას საკუთარი შეხედულებები „მთელ რიგ პუბლიკაციებთან“ დაკავშირებით, რომლებიც აფასებენ  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ბოსნია და ჰერცეგოვინის გაწევრიანების სავარაუდო სარგებელს.

„ნატო ფსიქიატრიული საავადმყოფოა, რომელიც შექმნილია მისი პაციენტების ფობიების სამკურნალოდ? ჩნდება ლოგიკური კითხვა: რისი ეშინია ბოსნია და ჰერცეგოვინას? ვისგან უნდა დაიცვან იგი ბლოკის მოკავშირეებმა? ცნობილია რუსეთის პოზიცია ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ბოსნია და ჰერცოგოვინასა და ნატო-ს პრაქტიკული დაახლოების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ მტრულ ნაბიჯზე რეაგირება. საბოლოო ჯამში, ალიანსის გაფართოების არცერთ რაუნდს არ გაუუმჯობესებია რუსეთის ურთიერთობა ნატო-ს ახალ მხარდამჭერებთან. გაფართოება თავისთავად ასუსტებს რეგიონულ უსაფრთხოებას და ომის ხაზზე მყოფი სახელმწიფოების ფსიქოლოგიას, რაც არსებითად ქმნის ახალ ან მოძრავ გამყოფ ხაზებს ევროპაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი ხაზს უსვამს, რომ ნატო-ს მექანიკური გაფართოება წარსულის ინერციაა, ხოლო რაც შეეხება თანამედროვეობის მთავარ რეალურ საფრთხეს — ტერორიზმს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ალიანსს მასზე რეაგირებას არ ძალუძს.

„უფრო მეტიც, მოკავშირეთა ქმედებები ერაყში და ლიბიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მათ შორის სირიაში, მხოლოდ ავრცელებს ექსტრემიზმს და ქაოსს, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ახალი ტერორისტული კერების გაჩენისთვის, რომელთა შურისძიების სამიზნე ბლოკის წევრი ქვეყნები არიან. ამაზე ბოსნია და ჰერცოგოვინის ხელისუფლებაც უნდა იფიქროს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მისი ზოგიერთი მოქალაქე სირიაში ბოევიკების მხარეს იბრძოდა და ახლა ისინი მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი მოუწოდებს ბოსნია და ჰერცეგოვინის მეგობრებს, „კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაითვალისწინონ ქვეყნის ყველა მცხოვრებლის შეხედულებები, რომლებიც შორს არიან ამ საკითხზე კონსენსუსისგან“ და შეხედონ ისეთი წარმატებული და განვითარებული ქვეყნების მაგალითს, როგორიცაა ავსტრია, ირლანდია, შვეიცარია, შვედეთი და ფინეთი.

ბოსნია-ჰერცეგოვინა ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა, რომელმაც 2010 წელს მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). სერბეთთან ერთად, ბოსნია და ჰერცოგოვინა დასავლეთ ბალკანეთის ბოლო ქვეყნებს შორისაა, რომელიც ჯერ არ გამხდარა ალიანსის წევრი, მაგრამ ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაცია სტრატეგიულ მიზნად აქვს გამოცხადებული. თუმცა ბოსნიელი სერბები და პრორუსი პრეზიდენტი მილორად დოდიკი ნეიტრალიტეტს უჭერენ მხარს.

დოდიკმა, რომელიც მიმდინარე კვირას სხვა ბოსნიელ ლიდერებთან ერთად ევროპარლამენტში იმყოფებოდა, უარყო, რომ ის არის რუსეთის გავლენის ქვეშ და განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის მთლიანობას და სუვერენიტეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი