საზოგადოება

იმყოფება თუ არა კადიროვი უკრაინაში და რისთვის იბრძვიან ჩეჩნები

14 მარტი, 2022 • 2970
იმყოფება თუ არა კადიროვი უკრაინაში და რისთვის იბრძვიან ჩეჩნები

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში იმყოფება.

ამ შაბათ-კვირას უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დაზვერვა სხვადასხვა წყაროსგან იღებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კადიროვი უკრაინაში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, – რომელიც ამ დღეებში უკრაინული მხარის ერთ-ერთი სპიკერის ფუნქციას ითავსებს, – განაცხადა, რომ თუკი კადიროვი მართლაც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, მას სიკვდილი ელის.

მოგვიანებით კადიროვმა მას კვლავ ტელეგრამზე უპასუხა:

„რატომ „თუ“? კადრები არ გინახავს? თუ მაინცდამაინც შენს კარზე უნდა დავაკაკუნო?“

კადიროვმა ასევე დაწერა, რომ უკრაინული დაზვერვა „მოიკოჭლებს“ და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იგი სამხედრო გეგმებს განიხილავს ჯარისკაცებთან ერთად.

რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ „კიევთან ახლოს“ იმყოფება და უკრაინელებს „ნაცისტებს“ უწოდებს:

„ვიდეოზე გოსტომელში ვართ. დღეების განმავლობაში თქვენგან 20 კმ-ში ვიყავით, კიეველო ნაცისტებო, და ახლა უფრო ახლოს ვართ“.

კადიროვი

კადიროვი

„ეს მტკიცებულება არ არის“

ვიდეოში, რომელიც კადიროვმა გამოაქვეყნა, – ასევე, გროზნოს ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, – შეუძლებელია კადიროვის ადგილმდებარეობის დადგენა (გეოლოკაცია), – კადრები დახურულ სივრცეშია გადაღებული.

ჩეჩნური ორგანიზაცია „ვეიფონდი“, რომელიც ევროპაში კადიროვის რეჟიმს გამოქცეულ ლტოლვილებს ეხმარება, აცხადებს:

„კადიროვი არასოდეს ჩავა უკრაინაში. ვიდეო რაღაც სარდაფიდან, არ არის იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ იგი უკრაინაში იმყოფება“

14 მარტს კადიროვის ტელეგრამზე ასევე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილ ოთხ პირს, – სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცებს, – სავარაუდოდ, მუქარის ფონზე ხმამაღლა ათქმევინებენ: „Ахмат – сила“ („ახმადი – ძალაა“).

ამ სიტყვებით კადიროვის მხარდამჭერები პატივს მიაგებენ კადიროვის მამას, ახმად კადიროვს. წლებია, რუსეთის ხელისუფლებისა და ჩეჩნეთის მმართველობის კრიტიკოსები საუბრობენ კადიროვის მცდელობაზე, მამამისის კულტი შექმნას.

კადიროვს, რომელიც 2007 წლიდან მეთაურობს ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკას, მრავალი წელია, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებენ. მისი მმართველობის ქვეშ ჩეჩნეთი მძიმე წნეხის ქვეშაა.

კადიროვი და პუტინი. ფოტო: AFP

„კადიროველები“ უკრაინაში

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ იძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ „კადიროველებიც“ – კადიროვს დაქვემდებარებული ჩეჩნური ძალები.

25 თებერვალს კადიროვმა დაადასტურა, რომ „კადიროველებს“ უკრაინაში გზავნიდა.

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას ცნობით, სწორედ „კადიროველები“ აკონტროლებენ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს.

ჩეჩნური ბატალიონი

გარდა „კადიროველებისა“, უკრაინაში იბრძვიან ეთნიკურად ჩეჩენი სხვა მებრძოლებიც, თუმცა მათ უკრაინის მხარე უჭირავთ და უკრაინის დასაცავად იბრძვიან.

კერძოდ, უკრაინის მხარეს იბრძვის ორი ჩეჩნური ბატალიონი, რომლებიც შეიხ მანსურისა (ჩრდილოკავკასიელი მთიელების პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი მე-18 საუკუნეში) და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელს ატარებენ.

ეს ბატალიონები რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ 2014 და 2015 წლებიდან – ყირიმის ანექსიიდან მოყოლებული.

ჩეჩენი მოხალისეები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომი მათი ომიც არის, სადაც შეუძლიათ იბრძოლონ იმ ძალის წინააღმდეგ, რომელმაც ათიათასობით მათი თანამემამულე დახოცა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების მიმდინარეობისას.

დიასპორის მხარდაჭერა უკრაინას

ამასთან, ევროპაში ჩეჩნურ დიასპორაში აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას.

მაგალითად, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერმა, ახმედ ზაკაევმა, – რომელიც დევნილის სტატუსით იმყოფება ბრიტანეთში, – არაერთხელ გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება.

„ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დაიწყო ჩეჩნეთში 28 წლის წინ – მთელი მსოფლიო უყურებდა ჩეჩნების მკვლელობას… ყველა ჩეჩენი, რომელიც ბედმა და შვილების გადარჩენის სურვილმა ევროპაში მიიყვანა, აკვირდება უკრაინაში განვითარებულ პროცესებს. მათ აქვთ დეჟავიუ, თითქოს ეს ყველაფერი ისევ ჩვენს თავს ხდება“, – განაცხადა მან ტვ პირველის ეთერში

ამასთან, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილი, ანზორ მასხადოვი.

მასხადოვმა, ცნობილ ჩეჩენ ბლოგერ თუმსო აბდურახმანოვთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ბელგიაში, ბრიუსელში გამართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია და პრესკონფერენცია.

„ეს დროშა არის თავისუფალი ჩეჩნეთის დროშა. ყველა ჩეჩენი, რომელიც ამ დროშის ქვეშ ერთიანდება, თქვენ გიჭერთ მხარს“, – მიმართა თუმსო აბდურაჰმანოვმა უკრაინელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი