საზოგადოება

უკრაინის ომში ახლო აღმოსავლეთიდან მებრძოლების ჩართვა გარდატეხას ვერ შეიტანს — კაპანაძე

14 მარტი, 2022 • 6946
უკრაინის ომში ახლო აღმოსავლეთიდან მებრძოლების ჩართვა გარდატეხას ვერ შეიტანს — კაპანაძე

რუსეთი სირიელ მებრძოლებს უკრაინაში საომრად სთავაზობს თვეში  200-დან 300 ამერიკულ დოლარამდე. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 მარტს განაცხადა, რომ მხარს უჭერს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინიციატივას, რომ უკრაინაში ბრძოლებში ჩაერთონ უცხოელი მებრძოლები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებული მებრძოლების ჩართვა ბრძოლებში გარდატეხას ვერ შეიტანს და ეს უფრო პროპაგანდისტული ნაბიჯია.

„მათი ჩართვა მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს არსებული რესურსი წარმატების მისაღწევად და დასახული ამოცანების შესასრულებლად არ ჰყოფნის, ასევე ნიშნავს იმასაც, რომ მიიღო მნიშვნელოვანი ზარალი და ახლა ცდილობს, რომ გარკვეული საერთაშორისო სახე მისცეს ამ დაპირისპირებას.

არ მგონია, მოხალისეების ისეთი რაოდენობა ჩართოს, რომ ბრძოლის ველზე გარდატეხა შეიტანოს, ეს უფრო პოლიტიკური და პროპაგანდისტული ნაბიჯია. არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინასაც ემატება ყოველდღიურად უცხოელი მოხალისეები“, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები დროში კიდევ უფრო გახანგრძლივდება, შესაძლოა, რუსეთმა უფრო აქტიურად მოსთხოვოს ბელარუსსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებს, რომ ბრძოლებში ჩაერთონ.

რუსეთი ომის დაწყების დროს აცხადებდა, რომ ეს იყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და არა ომი, რომლის მიზანიც უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „რუსი ხალხის გენოციდის“ შეჩერება იყო.

როგორც წესი, „სპეციალურ ოპერაციებს“ შეიარაღებული ძალების დანაყოფები ახორციელებენ და მასში მოხალისეები ან დაქირავებული მებრძოლები არ მონაწილეობენ.

გარდა ამისა, როგორც წესი, ასეთი ოპერაციები სწრაფად სრულდება, თუმცა უკრაინაში ომი უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი