საზოგადოება

ცოტა რამაა დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური — ჯონსონი მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ ცნობებზე

9 მარტი, 2022 • 1968
ცოტა რამაა დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური — ჯონსონი მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ ცნობებზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამორაულს უწოდებს ავიადარტყმას, რომელიც, უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოზე განახორციელა.

“ცოტა რამ არის დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური”, — წერს ჯონსონი “ტვიტერზე”.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი განიხილავს მეტ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რათა ამ უკანასკნელმა თავი დაიცვას საჰაერო თავდასხმებისაგან. ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყნის მთავრობა პასუხს აგებინებს პუტინს “მის საშინელ დანაშაულებზე”.

უკრაინის თანახმად, 9 მარტს რუსეთის ძალებმა ავიადარტყმა განახორციელეს ტერიტორიაზე, სადაც ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიაროა განთავსებული.

“Ukrayinska Pravda” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებები სამშობიაროსა და პედიატრიულ განყოფილებას შორის, ეზოში მოხდა.

ოფიციალურ პირთა ცნობით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, დაწესებულების თანამშრომლები და ორსული ქალები.

დონეცკში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს თქმით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა “მადლობა ღმერთს, ნულია”.

“იმედი მაქვს, ასეც დარჩება”, — დასძინა მან.

მანამდე, მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი:

„მარიუპოლი! რუსი სამხედროების პირდაპირი შეტევა სამშობიარო საავადმყოფოზე. ადამიანები, ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ. ბოროტმოქმედება!

როდემდე იქნება სამყარო ამის თანამონაწილე ტერორის იგნორირებით? ახლავე დახურეთ ცა! შეწყვიტეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალაუფლება, მაგრამ თითქოს კარგავთ ადამიანობას!“

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/395634/

მასალების გადაბეჭდვის წესი