საზოგადოება

ევროკავშირმა პუტინს და ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა

25 თებერვალი, 2022 •
ევროკავშირმა პუტინს და ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა გააკეთა:

„პუტინი და ლავროვი სანქცირებულ პირთა სიაში არიან დუმის დეპუტატებთან ერთად, რომლებმაც აგრესიას მხარი დაუჭირეს“ ,- აღნიშნა ბორელმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებს შორის, რომლებსაც მსგავსი სანქციები დაეკისრათ, სირიის პრეზიდენტი ასადი და ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო იყვნენ, ახლა კი მათ პუტინიც დაემატება.

საუბარი ეხება პუტინისა და ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვას. როგორც „ალჯაზირა“ წერს, უცნობია, რა პრაქტიკული გავლენა ექნება აღნიშნულ შეზღუდვას და რამდენად მნიშვნელოვანია აქტივების მოცულობა, რომელსაც პუტინი და ლავროვი ევროკავშირში ფლობენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უფრო ეფექტური სანქცია მათთვის ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვა იქნებოდა, თუმცა გაერთიანების ლიდერებმა ნათლად მიუთითეს, რომ ამ ვარიანტს არ განიხილავდნენ, რადგანაც ის დიპლომატიურ ნაბიჯებსა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ორივე მხარისთვის გაართულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი