1941 წლის ოქტომბერში საბჭოთა ხელისუფლებამ ერთი განკარგულებით დაუსვა წერტილი საქართველოს ტერიტორიაზე გერმანელი შვაბების ცხოვრების ხანგრძლივ პერიოდს: ასე შეიტყო შეიტყო ათასობით ოჯახმა, რომ მიწაზე, სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს, აღარაფერი ესაქმებოდათ.
თუმცა მათი კვალი ბოლომდე ვერც საბჭოთა სისასტიკემ წაშალა და ვერც დრომ. არქიტექტურული მემკვიდრეობა თუ დოკუმენტური მასალა, რომელმაც დღემდე მოაღწია, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ტერიტორიებზე გერმანელთა ცხოვრების 124-წლიან, მეტად საინტერესო ისტორიას გვიყვება.
უკანასკნელ წლებში საკითხის გარშემო ინტერესის ზრდის ფონზე, ხსენებული ისტორია ახლა, უწინდელთან შედარებით, მეტმა ადამიანმა იცის. თუმცა, არაერთ შემთხვევაში, ყურადღების მიღმა რჩება ადგილი, სადაც გერმანელმა შვაბებმა სამხრეთ კავკასიაში პირველი “კოლონია” დააარსეს. ყველაფერი თბილისთან ახლოს, დღევანდელ სართიჭალაში დაიწყო.
მარიენფელდი — “პირველი მერცხლის” სათავეებთან
XIX საუკუნის 20-იან წლებში გერმანიის ვიურთემბერგის მხარეში დასახლებულ შვაბებს საკმარისი მიზეზები ჰქონდათ იმისათვის, რომ რუსეთის იმპერიის სარფიან შეთავაზებას დათანხმებოდნენ და მის ფართო მიწებზე ეძიათ ახალი საცხოვრებელი.
ეს ის პერიოდია, როცა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრები სუბეთნიკური ჯგუფი ომებისაგან გამოწვეულ სიღატაკესა და შიმშილს ებრძვის, მოუსავლიანობისა და გაზრდილი გადასახადების პარალელურად.
აღნიშნულს დაემატა რელიგიური ფაქტორიც: არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი, რომელიც მრავალი წელია, საქართველოში გერმანელთა ყოფას იკვლევს, აღნიშნავს, რომ იმავე პერიოდში ლუთერანული ეკლესიით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდებოდა.
მისი სიტყვებით, გაძლიერებულ რელიგიურ პროტესტს ვიურთემბერგის ხელისუფლება მკაცრი ზომებით პასუხობდა, რაც კიდევ უფრო აბრაზებდა ეკლესიასთან დაპირისპირებულთა შორის ყველაზე რადიკალურ ჯგუფს — ე.წ. სეპარატისტებს.
შვაბები საქართველოში. ფოტო: გერმანულ-ქართული არქივი
“საბოლოო სახით [სეპარატისტების] მოძღვრება იოჰან ჰაინრიხ იუნგ-შტილინგის ნაშრომში ჩამოყალიბდა. [ის] ქადაგებდა, რომ ე.წ. ჰილიაზმს — ქრისტეს ათასწლიანი მეუფების დადგომას და, ამასთან, უთითებდა უფლის მეორედ მოსვლის ზუსტ ადგილს, რომელიც კავკასიაში – შავ და კასპიის ზღვებს შორის არსებულ მიწაზე, არარატის მთის სიახლოვეს უნდა მომხდარიყო”, — წერს ის წიგნში “გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში”.
ადგილობრივი ხელისუფლების ხისტმა მიდგომამ რადიკალ მეამბოხეებში პროტესტის გრძნობა მხოლოდ გააძლიერა. ასე მზადდებოდა ნიადაგი გერმანელთა პირველი ნაკადის გასამგზავრებლად იუნგ-შტილინგის მიერ ნახსენები მიწისაკენ.
ნესტან თათარაშვილის სიტყვებით, რუსეთის იმპერიის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკის ნაწილიც იყო უცხოელთა ჩასახლება თავის დაქვემდებარებაში არსებულ რიგ მიწებზე, მათ შორის, დღევანდელ საქართველოში, არაერთ სახარბიელო პრივილეგიასთან ერთად რელიგიურ თავისუფლებასაც ჰპირდებოდა თავიანთი ხელისუფლებით უკმაყოფილო შვაბებს.
ჯ. გრესლის რუკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გერმანულ დასახლებებს ასახავს. 1856 წ. (ნესტან თათარაშვილის სახელოვნებათმცოდნეო კვლევიდან )
ხსენებულ წიგნში, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ხაზგასმულია ისიც, რომ უშუალოდ კავკასიაში გერმანელთა ჩამოყვანის მოთავედ განიხილება იმ პერიოდში საქართველოს მთავარმართებელი ალექსი ერმოლოვი, რომელიც ფიქრობდა, რომ “შრომისმოყვარე გერმანელები მეურნეობით სარგებლიანობის კარგ მაგალითს მისცემდნენ ადგილობრივ მოსახლეობას”.
მეტი თავისუფლების, ნაყოფიერი მიწებისა თუ სხვა პერსპექტივებით მოტივირებული შვაბების პირველი ნაკადი თბილისში 1817 წლის 21 სექტემბერს ჩამოდის. მცირე ნაწილი დაბინავებამდე იღუპება, სხვებს კი იმპერიის მესვეურები დღევანდელი სართიჭალის ტერიტორიაზე, ქართული სოფლის მახლობლად უძებნიან ადგილს.
ასე გაჩნდა მარიენფელდი — პირველი გერმანული “კოლონია” სამხრეთ კავკასიაში.
როგორ ცხოვრობდა “გერმანული სართიჭალა”
სამხრეთ კავკასიის გზას მომდევნო წლებში მრავალი გერმანული ოჯახი დაადგა და მარიენფელდის “მარტოობის” მოკლე პერიოდიც მალე დასრულდა:
1819 წელს მასთან ახლოს ვიურთემბერგელი შვაბების კიდევ 15 ოჯახი დაასახლეს და რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის პატივსაცემად ახალ დასახლებას პეტერსდორფი დაარქვეს.
მოგვიანებით, 1842 წელს, ჩამოსული 10 ოჯახი აბასთუმანთან დააბინავეს, თუმცა, ნესტან თათარაშვილის თანახმად, ახლად ჩამოსახლებულები ადგილით ვერ მოიხიბლნენ, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა, ხსენებული ოჯახები მარიენფელდისა და პეტერსდორფის მახლობლად გადაეყვანა.
ასე გაჩნდა ფროიდენტალი — გერმანელთა მესამე დასახლება სართიჭალის ტერიტორიაზე.
გერმანული სახლი სართიჭალაში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
მევენახეობიდან მესაქონლეობამდე, ახლად ჩამოსახლებულმა გერმანელებმა მეურნეობის იმ დარგებს მიჰყვეს ხელი, რომლებიც ადგილზე დახვდათ, თუმცა არაერთი სიახლეც შემოიტანეს როგორც მეურნეობაში, ისე სხვა მიმართულებებით.
დასახლებას გერმანული ელფერი მალევე მიეცა: აშენდა ტიპური გერმანული საცხოვრებელი სახლები, მაღალი სხვენებითა და ღრმა სარდაფებით, აიგო ევანგელურ-ლუთერული ეკლესია(კირხე), ღვინის შესანახი ტრადიციული ქვევრი კი კასრმა ჩაანაცვლა.
სხვა რესურსების მსგავსად, გერმანული დასახლებების მკვიდრნი არც ბუხრიდან ამოსულ კვამლს კარგავდნენ: მისი მეშვეობით სხვენში ჩამოკიდული ლორი იბოლებოდა. მარცვლეულსაც სხვენში ინახავდნენ, რძის პროდუქტებს, კარტოფილსა და ღვინოს კი — სარდაფში.
ნესტან თათარაშვილის თანახმად, აქ მცხოვრებ გერმანელებს შორის საკვების პრობლემა არ არსებობდა, ვინაიდან ყველა საჭირო პროდუქტს საკმარისად იმარაგებდნენ.
მიუხედავად ამისა, მარიენფელდი, პეტერსდორფი და ფროიდენტალი, სხვა არაერთი გერმანული დასახლებისგან განსხვავებით, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად ვერ განვითარდნენ.
რატომ მოხდა ასე? არსებობს მხოლოდ ვარაუდები.
გერმანული სახლი სართიჭალაში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
“მე მაინც ვთვლი, რომ სართიჭალასთან ახლოს სოფლები იყო, სამღვდელოებასაც მიწა ჰქონდა… ანუ, ბევრი მამული არ ჰქონდათ [ამ გერმანულ დასახლებებს], ეკონომიკური მომგებიანობა კი სწორედ მიწის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
მეცხრამეტე საუკუნიდან სახელმწიფომ რა ხაზინაც მისცა, შემდგომ წლებში ის უკვე აღარ ჰყოფნიდათ. მაგალითად, ბოლნისსა და ასურეთში [არსებული გერმანული დასახლებების მკვიდრნი] თვითონ ყიდულობდნენ [მიწებს]. სართიჭალელები ვერ მომაგრდნენ ისე, რომ თავად ეყიდათ და შემოემატებინათ მიწები.
ეტყობა, მათ გარშემო არც იყო რესურსი. ამიტომაც, უმეტესობა ქალაქში მიდიოდა, დროებით სამსახურს შოულობდა და ა.შ.”, — გვეუბნება ნესტან თათარაშვილი.
ამჟამინდელი გადმოსახედიდან, სართიჭალის გერმანელთა ეკონომიკურ სისუსტეებს ერთი პლუსი ნამდვილად ჰქონდა:
შეზღუდული ფინანსების გამო, დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა, ახლით ჩაენაცვლებინა ის სახლები, რომლებიც მათი ჩამოსახლების დროს აშენდა. შესაბამისად, შვაბების თავდაპირველი კერები არ დაკარგულა და ზოგიერთმა ჩვენს დრომდეც მოაღწია.
შეწყვეტილი ამბავი — რა შემოგვრჩა
“აი, ამ სახლში გავიზარდე” — გვეუბნება სართიჭალელი როინ ბერაძე და პატარა გერმანულ სახლზე მიგვანიშნებს, რომელიც სოფელში ჯერაც დგას.
მასწავლებელი დედისგან ვიცი, რომ სახლებს თეთრად ღებავდნენ, წინა ნაწილში კი სულ ნაირ-ნაირი ყვავილები ჰქონდათო — გვიყვება ის, როცა ვეკითხებით, რა ახსოვს თავისი სოფლის შვაბებზე.
როინ ბერაძე 71 წლისაა და სართიჭალის გერმანულ დასახლებებს არ მოსწრებია: მის დაბადებამდე 10 წლით ადრე, 1941 წელს, ნაცისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რამდენიმე დღეში მოეღო ბოლო შვაბების ცხოვრებისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში.
გერმანელთა ყაზახეთში დეპორტაციის შემდეგ, დაცარიელებულ სახლებში საბჭოთა ხელისუფლებამ სხვები შეასახლა. იყო რამდენიმე გამონაკლისი: გადასახლებას გადაურჩნენ და სახლები შეინარჩუნეს ქალებმა, რომელთაც არაგერმანელი ქმრები ჰყავდათ.
1841 წელს აშენებული გერმანული სახლი სართიჭალაში. ნესტან თათარაშვილის თანახმად, სავარაუდოდ, ამ სახლზე გამოჩნდა პირველად გერმანული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ხის შემომღობი კონსტრუქცია, რომელიც ფახვერკის სახელითაა ცნობილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
ასე დარჩა სართიჭალაში შვაბების რამდენიმე შთამომავალი, რომლებიც მოგვიანებით ქართველ თანასოფლელებს უამბობდნენ, როგორ გააძევეს მათი თანამემამულენი თავიანთივე სახლებიდან ისე, რომ პრაქტიკულად ვერაფერი წაიღეს თან.
დროთა განმავლობაში, გერმანელთა სახლების უდიდესმა ნაწილმა სახე მნიშვნელოვნად იცვალა. ახალმა ბინადრებმა ნაგებობები გააფართოეს, ზოგიერთი — მიშენებებით შემოიფარგლა, ზოგმა კი — დაშალა ძველი სახლები და მათ ადგილას ახალი ააშენა.
უკვე დღეს, სართიჭალის ქუჩებში სეირნობისას, გერმანელთა არქიტექტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი ნიმუში უცხო თვალისთვის ადვილად ამოსაცნობი აღარ არის.
ნესტან თათარაშვილის დაკვირვებით, სოფელში კარგად არის შემორჩენილი ისტორიულ ქუჩათა ქსელი 81 საცხოვრებელ სახლთან ერთად. ისინი მეტ-ნაკლებად გადაკეთებულია, თუმცა სარდაფები თითქმის ყველას ავთენტური აქვს.
1841 წელს აშენებული გერმანული სახლის ქვეშ ასევე ვხვდებით ძველი ქართული სახლის მეორადად გამოყენებულ დედაბოძს ავთენტური დეკორით, რომელსაც გერმანელებმა თავიანთი ორნამენტები დაამატეს. (ნესტან თათარაშვილის სახელოვნებათმცოდნეო კვლევიდან )
ერთ-ერთი ნაგებობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, მარიენფელდის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაა. ის სრულად არ დაუნგრევიათ, თუმცა, დამატებითი სათავსების მიშენების შემდეგ, ეკლესიის ძველი პერიმეტრის ამოცნობა განსაკუთრებით ჭირს.
საბჭოთა ხელისუფლების მიერ კულტურის სახლად გადაკეთებული კირხე დღეს მიტოვებული და მკვეთრად შელახულია. ეკლესიის თავდაპირველი სახე მხოლოდ ნახატზე შემორჩა, მისი საკურთხევლისა და სამხრეთი ფასადის ხედები კი — ფოტოებზე.
მარიენფელდის ეკლესიის დ. ლანსელოტის ნახატი, რომელიც მოგზაური ქალის, კარლა სერენას ფოტოს მიხედვით არის შესრულებული. (ნესტან თათარაშვილის სახელოვნებათმცოდნეო კვლევიდან )
ხსენებული ფოტოები არქივიდან სართიჭალელმა იოსებ სიბოშვილმა მოიძია. როინ ბერაძის მსგავსად, ისიც გერმანულ სახლში დაიბადა. შვაბების გასახლების შემდეგ, სახლმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, ბოლოს კი იქ სიბოშვილები დამკვიდრდნენ.
მარიენფელდის ეკლესიის შენობა ახლა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
“ჩემს ბავშვობაში მეზობლად ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, ლიდა ბაუერი. ის იმ ქალებს შორის იყო, რომლებიც დატოვა საბჭოთა ხელისუფლებამ, ვინაიდან დაქორწინებულნი იყვნენ ქართველებზე.
მათ [ოჯახში] ვიყავი ხოლმე ძირითადად. შემდეგ, უკვე რომ გავიზარდე, სკოლაშიც შევეხე [გერმანელების] თემას. მართალია, ტაბუდადებული იყო ეს ყველაფერი მაშინ, მაგრამ მაინც ვახერხებდი.
შემდეგ უფრო ჩავუღრმავდი და [ამ პროცესში] გავიცანი ძალიან ბევრი ხალხი, რომელთაც ამ სოფლის შესახებ მიამბეს”, — გვიყვება იოსებ სიბოშვილი.
მარიენფელდის ეკლესიის საკურთხევლისა და სამხრეთი ფასადის ხედები. (სიბოშვილი ი. გერმანელი შვაბები სართიჭალაში. გვ. 29. თბილისი, 2012)
როგორც ის ამბობს, გერმანელი იყო ბიცოლამისიც — ლენა კოტრინი — რომელიც შვაბების შორეულ ყაზახეთში გადასახლებაზე, მათ იქაურ ყოფასა და შრომაზე არაერთგზის ჰყვებოდა ისტორიებს:
“აქაურ შრომაზე ხომ მიყვებოდა და მიყვებოდა. იმდენად მაღალ მოსავალს იღებდნენ, ჩვენს მევენახეებს უკვირდათო”.
იოსებ სიბოშვილს თავისი ძველი სახლის დაშლა გასული საუკუნის 80-იან წლებში მოუწია, თუმცა დაინტერესებულია იმ მემკვიდრეობის შენარჩუნებით, რომელიც სოფელში ამ დრომდე არსებობს. 2012 წელს გამოაქვეყნა ნაშრომიც, რომელშიც საქართველოში გერმანელი შვაბების ყოფასა და მათ დანატოვარს განიხილავს.
შვაბების სასაფლაო სართიჭალაში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
შვაბების სასაფლაო სართიჭალაში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
ეს დანატოვარი, საცხოვრებელი სახლებისა და ეკლესიის შენობის გარდა, მოიცავს სასაფლაოსაც, სადაც სართიჭალის ტერიტორიაზე არსებული სამივე გერმანული დასახლების მცხოვრებლებს კრძალავდნენ.
სიბოშვილის თანახმად, წლების განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი უდიერად ეპყრობოდა სასაფლაოს, “ითელებოდა” შვაბების საფლავები და “მათ ადგილას სხვათა დაკრძალვა ხდებოდა”.
ვითარების შეცვლა სასაფლაოს შენარჩუნებით დაინტერესებულმა რამდენიმე ადგილობრივმა მოინდომა, რომელთაც დახმარების თხოვნით გერმანიის საელჩოს მიმართეს. მათი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა:
2009 წელს გერმანიის საელჩომ თბილისის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებს მიმართა, ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში მოწესრიგებულიყო შვაბების სასაფლაო.
2009 წელს გახსნილი მემორიალი შვაბების სასაფლაოზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
ასეც მოხდა. გერმანიის ქალაქ ჰომბურგის ერთ-ერთი გიმნაზიის მოსწავლეებმა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული თემის ახალგაზრდებმა ტერიტორია დაასუფთავეს, საფლავის ქვები მოაწესრიგეს და დასასრულს, ადგილზე ჯვრის ფორმის მემორიალიც გახსნეს.
რა ბედი ელის გერმანულ კვალს სართიჭალაში
2017 წელს საქართველომ და გერმანიამ ქვეყანაში შვაბების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით “სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა” ქართული მხარის დაფინანსებით 23 გერმანული დასახლების იდენტიფიცირება შეძლო.
განსაკუთრებული ინტერესი ბოლნისისა და თეთრიწყაროს გერმანული მემკვიდრეობის მიმართ გაჩნდა, რის ფონზეც არაერთ ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რაც შეეხება მარიენფელდს, პეტერსდორფსა და ფროიდენტალს: მათი მემკვიდრეობა აღწერილია და რამდენიმე ადგილას, სიმბოლურად, ტრაფარეტებიც არის განთავსებული, ხსენებულ დასახლებათა სახელწოდებებით. თუმცა პროცესი სახელმწიფოს მიერ შენობათა რაიმე ფორმით რეაბილიტაციამდე არ მისულა.
გერმანული სახლი სართიჭალაში. სხვენის ფასადის დეტალი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
მიუხედავად ამისა, გერმანელი ტურისტები სართიჭალას პერიოდულად მაინც აკითხავენ, საკითხის მცოდნე ადგილობრივები კი მათ შვაბების დასახლებების ისტორიას უყვებიან.
ერთ-ერთია როინ ბერაძე, რომელიც სართიჭალის ისტორიულ მუზეუმში საქმიანობს. რამდენიმე წლის წინ იქ გერმანული კუთხეც გახსნა. მისი თქმით, ცდილობს, მოიძიოს ნივთები, რომლებიც სართიჭალაში მცხოვრებ შვაბებს ეკუთვნოდათ, სამომავლოდ კი სურს, რომ აღნიშნული კუთხე გააფართოოს და სოფლის ერთ-ერთ გერმანულ სახლში გადაიტანოს.
როინ ბერიძე სართიჭალის ისტორიულ მუზეუმში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
“საუკუნე-ნახევარი ხომ ცხოვრობდა ეს ხალხი აქ? ხომ ბევრი რამ შემოიტანეს? თუნდაც, კულტურა, ხელოვნება… მგონი, სხვადასხვა დარგის 30-ზე მეტი სპეციალისტი ჰყავდათ… წლები გავიდა, რაღაცნაირად, იკარგებოდა ეს საკითხი და რატომ უნდა დაკარგულიყო?” — გვეუბნება ის.
სართიჭალაში ჩამოსულ ტურისტებს, მუზეუმის გარდა, გერმანელების სახლებსა და მათთვის დამახასიათებელ, ღრმა, დიდი მოცულობის სარდაფებსაც ათვალიერებინებს.
“რამდენჯერმე ჰყავდა ბატონ როინს ტურისტები მოყვანილი. ერთხელ, სარდაფში რომ ჩაიყვანა, კედლებს ეფერებოდნენ, ჩვენი წინაპრების [საცხოვრებელიაო]” — დასძენს იზო პატურაშვილი, რომელიც 30 წელია, სართიჭალის ერთ-ერთ გერმანულ სახლში ცხოვრობს.
სარდაფი პატურაშვილების სახლის ქვეშ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
როგორც ამბობს, კარგი იქნება, თუ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამავეს ფიქრობს მის მეზობლად მცხოვრები ნინო ბლიაძეც.
“რომ გაგვიკეთებენ, უფრო კარგი იქნება, არა?” — გვპასუხობს, როცა ვეუბნებით, რომ მოგვწონს მისი სახლი. პატურაშვილების ოჯახის მსგავსად, ძველი სარდაფი ნინო ბლიაძისა და მისი მეუღლის სახლის ქვეშაც შემორჩა.
რა უნდა გაკეთდეს სართიჭალის გერმანული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად? ნესტან თათარაშვილს მიაჩნია, რომ პროცესი რთული იქნება, ვინაიდან ბევრი სახლი აღარ არსებობს, თუმცა აღნიშნავს რამდენიმე დამაიმედებელ დეტალს. მათ შორისაა ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, რომელიც შელახულია, თუმცა მისი კედლები ჯერ კიდევაა შემონახული ბეტონს მიღმა, რომლითაც შენობა საბჭოთა პერიოდში დაიფარა.
ნინო ბლიაძე თავისი სახლის ეზოში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
მისი აზრით, კირხესა და მიმდებარე სახლების რეაბილიტაცია სოფლისადმი ინტერესს მკვეთრად გაზრდის და ეს ტურისტულ ნაკადებზეც აისახება.
“ტურიზმს შემდგომ მოაქვს ეკონომიკური სიძლიერე, ასევე, ხალხის გამოფხიზლება, რომ თურმე რა მნიშვნელოვანი ყოფილა ძველი სახლის შენარჩუნება. [შემდეგ ჩნდება იდეები], რომ, მაგალითად, აქ კაფე ხომ არ გავხსნა… ასე ეწყობა ყველაფერი ერთმანეთზე”, — აღნიშნავს თათარაშვილი.
ქვემო ქართლის რწმუნებულის ოფიციალური ფეიბუსკ გვერდის თანახმად, სართიჭალის გერმანულ მემკვიდრეობაზე რწმუნებულსა და გერმანიის ელჩს შორის თებერვალში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს.
“სახელმწიფო რწმუნებულმა გერმანიის ელჩს პირადი ინიციატივა გააცნო, რომელიც აღნიშნული ტერიტორიისთვის ძველი, ისტორიული სახელწოდების „მარიენფელდის“ დაბრუნებას და არსებული ინფრასტრუქტურის პირვანდელი იერსახით აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ღობის დეტალი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
“ნეტგაზეთი” შეეცადა, გაერკვია, კონკრეტულად რას გეგმავს ქვემო ქართლის გუბერნია. რწმუნებულის ადმინისტრაციაში კონკრეტულ დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე “მსჯელობა მიმდინარეობს”.
“კონკრეტულად ჯერ არაფერს ვიტყვი, რადგან პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესია ახლა. მთავარი ის არის, რომ მოქმედება დაწყებულია… დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება კონკრეტული საქმე”, — გვითხრა ლევან ჟვანიამ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, სახელმწიფო რწმუნებული დაინტერესებულია ამ საკითხით და იგეგმება გარკვეული “ქმედითი ნაბიჯების” გადადგმა, მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მისი პოპულარიზაციისთვის.
აღნიშნულის სურვილი სართიჭალელებსაც აქვთ. როინ ბერაძე პროცესში ქართული და გერმანული მხარეების ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს და დასძენს, რომ სხვა რამდენიმე გერმანული დასახლების მსგავსად, სართიჭალაც — სამხრეთ კავკასიაში პირველი გერმანული დასახლების ადგილიც — იმსახურებს “ლამაზ, პატარა ტურისტულ კუთხეს”:
“ეს ხომ ქართველი და გერმანელი ხალხის მეგობრობით არის გაკეთებული? ისე ხომ არ გაკეთდებოდა? აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობა მალე ორი საუკუნის გახდება. ორი საუკუნე პატარა დრო არ არის. ჩვენი თაობა წავა, მომავალი თაობა მოვა და ყველას ეცოდინება [ამის შესახებ]”.
