გერმანელმა დეპუტატმა იურგენ ჰარდტმა გასული წლის 9 ივნისს კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა ერთობლივი ოფიციალური განცხადება, სადაც ის გმობდა ,,ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას.
იურგენ ჰარდტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრია და ბუნდესტაგში სამთავრობო კოალიციის წარმომადგენელი ფრაქციის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერია. ის და კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთი პარტიის წევრები არიან.
დღეს ნეტგაზეთთან ინტერვიუში იურგენ ჰარდტი საუბრობს ევროკავშირში გაწევრების გამოწვევებზე, რომელიც საქართველოსთვის წარმოიშვა, ასევე იმ სირთულეებზე, რომლებიც ქვეყანაში პრესის თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით არსებობს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რა მთავარი გამოწვევები დგას ამჟამად? ყოფილი ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნებოდა ევროკავშირის შემდეგი გაფართოება. რამდენად რეალურია ეს შანსი საქართველოსთვის?
ვშიშობ, საქართველო ამჟამად არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უფრო ღრმა ნაბიჯების გადასადგამად. ამ პროცესის გასაგრძელებლად ერთ-ერთი მძიმე მარცხი იყო საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, ევროკავშირისა და ეუთოს (OSCE) დასკვნებით, სამართლიანად არ ჩატარებულა. სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტური წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა საქართველო უფრო და უფრო შორდება იმ გზას, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიდის. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან მხოლოდ ფორმალურად ჩანს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რეალურად კი ისინი სხვა მიზნებსა და ინტერესებს ემსახურებიან; კონკრეტულად, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება, რაც თავისუფალ ევროპულ კავშირთან კონსენსუსში არ მოდის.
რა სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ როლს თამაშობს საქართველო ევროკავშირისთვის?
საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ევროპული კულტურის მატარებელი ქვეყანა. პირადად მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი საქართველოში. მქონდა შესაძლებლობა, ვზიარებოდი ქართულ კულტურას და მესაუბრა ქართველებთან.
საქართველო, როგორც უკვე აღვნიშნე, არის მრავალფეროვანი ევროპული ქვეყანა, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. შესაბამისად, სარგებელი ორმხრივი იქნება ქვეყნის ევროკავშირის წევრობით – როგორც თქვენთვის, ასევე ევროკავშირისთვისაც. თუმცა ამისთვის მთელი რიგი წინაპირობების შესრულებაა აუცილებელი, რაც ითვალისწინებს პრესის თავისუფლებას, დამოუკიდებელ ოპოზიციასა და სიტყვის თავისუფლებას. ასევე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში უნდა იზრდებოდეს ქვეყნის ეკონომიკა და არ უნდა იმართებოდეს ცალკეული პირების მიერ, მათი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისათვის, რომ დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდეს ქვეყნის სასიკეთოდ?
საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ძალაუფლების ცალსახა დაყოფა: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები უნდა იყოს დამოუკიდებელი.
საქართველოში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ობიექტური ინფორმაცია როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის საქმიანობის შესახებ.
მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებელია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსეთს ქართული ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს. ამის მიუხედავად, მმართველი პარტია რუსეთთან ლავირების პოლიტიკას ცდილობს და ეკონომიკურად მმართველი ელიტები უფრო მეტად უახლოვდებიან რუსეთის ინტერესებს, რაც სრულად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნება-სურვილს. ეს ქვეყანა არ უნდა გახდეს ცალკეული ელიტების მსხვერპლი. საქართველო ეკუთვნის ხალხს და დემოკრატია არის ამ ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის წინაპირობა.
თქვენი შეფასებით, ამჟამად რა ნიშნულზეა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ელჩმა პიტერ ფიშერმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები?
გერმანია საქართველოსთან მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობას არ აწარმოებს, არამედ ინტერესების გატარება სისტემურად, ევროკავშირის ინსტიტუტების გავლით ხდება.
საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი არის გერმანიის ინტერესების გამტარებელი და პასუხისმგებელია გერმანიის წინაშე. ჩვენ არ წავახალისებთ ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრებს, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ, აიძულებს, სიმართლე და კრიტიკა დამალონ.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მთავრობა შორდება ევროკავშირს, როგორც ერთიან პროექტს, და უახლოვდება სხვა მიზანს.
რა ბერკეტები დარჩა ევროპას საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის დასახმარებლად?
პირველ რიგში, ჩვენ ნათლად გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, არჩევნების შედეგებითა და, ევროსაბჭოს, ეუთოს (OSCE) დასკვნებით ვხელმძღვანელობთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც ევროპული ოჯახის წევრობა სურთ – ისინი ამ ბრძოლაში მარტო არ არიან.
მეორე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. ასევე მოვუწოდებთ მედიისა და პრესის თავისუფლებისკენ, რათა ხალხი არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი და ერთი მხარის გავლენის ქვეშ არ მოექცეს.
მესამე, გვინდა [ქართველს] ხალხს ვუთხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკულად ვართ განწყობილნი, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ზოგადად ქართველების მიმართ გამოვხატავთ კრიტიკას. მართალია, საქართველო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ ჩამოშორდა ევროპულ გზას, თუმცა ეს პირდაპირ ხალხისკენ არ არის მიმართული. კიდევ არის შესაძლებლობა კანონის უზენაესობის პირობებში… აღნიშნული მთავრობის პირობებში ამჟამად სხვადასხვა მიმართულებითაც, სამწუხაროდ, ჩამოვშორდით ერთმანეთს. ერთ-ერთი დიდი პრივილეგია უვიზო მიმოსვლა ახლა განხილვის ქვეშაა.
როგორ შეაფასებდით საქართველოში პრესის თავისუფლებას და ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობას? არაერთ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს დააკისრეს ჯარიმები და დააპატიმრეს, მაგალითად მზია ამაღლობელი და სხვებიც.
ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ ყოველივეს მიმართ. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს, მე მესმის ბევრი ქართველის, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ახლაც ჩახშულია.
2 წლის წინ საქართველოში ვიზიტის პერიოდში, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აღვნიშნეთ, რომ “ქართული ოცნების” გზა ევროკავშირის პოლიტიკასთან არ მოდის შესაბამისობაში. ტყუილია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მხრივ წინ მიიწევს ევროპისკენ. ყველა ჟურნალისტი, რომელმაც ეს ტყუილი გამოააშკარავა, მმართველი პარტიის მიერ რეპრესირებულია, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებებს, შესაბამისად, ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. მოვითხოვთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო ციხეში ზის, გათავისუფლდეს. განვმეორდები: ამ ქვეყნის განვითარებისთვის პლურალიზმი და აზრის გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ ჩვენი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოზიცია.
იურგენ ჰარდტი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თანაპარტიელია. იგი 2009 წლიდან გერმანიის პარლამენტის დეპუტატია. 2015 წლიდან იკავებს CDU/CSU-ს საპარლამენტო ფრაქციის საგარეო პოლიტიკის სპიკერის პოსტს და პარტიის ფრაქციის გამგეობის წევრია. აქტიურ საპარლამენტო კარიერამდე ჰარდტი მსახურობდა საზღვაო ოფიცრად გერმანიის შეიარაღებულ ძალებში, ეკონომიკას სწავლობდა ჰაიდელბერგსა და კიოლნში.
