საზოგადოება

ვინ (არ) დაუჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე

16 თებერვალი, 2022 • 2215
ვინ (არ) დაუჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, პარტიამ შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ექნება თუ არა ჯაფარიძეს სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა ცნობილია ის, რომ რუსთავში საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ პარტია „მოქალაქეებს“ და, შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერენ.

ასევე ცნობილია ისიც, რომ რუსთავში კანდიდატი არ ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

„რუსთავში ჩვენ კანდიდატს არ ვაყენებთ, რაც შეეხება რომელიმე კანდიდატისთვის მხარის დაჭერას, ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, თუმცა არჩევნებამდე დრო კიდევ არის და დაველოდოთ“, – განაცახდა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.

კიდევ ერთი პარტია, რომელსაც რუსთავში კანდიდატი არ ეყოლება „გირჩია“. როგორც პარტიის წევრმა ჰერმან საბომ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, „გირჩი“ შუალედურ არჩევნებს „გულდასმით დააკვირდება“ და მათ რესურსს აქეთ მიმართავს.

„არჩევნებში მონაწილეობა ჩვენნაირი პატარა პარტიებისთვის ბევრ რესურსს, ბევრ დროს მოითხოვს, რომელიც ახლა რაღაცნაირად არ გვაქვს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის შესაძლო მხარდაჭერას, ჰერმან საბოს თქმით, ჯაფარიძის კანდიდატად დაყენების იდეა მოსწონთ, თუმცა ამბობს, რომ პარტიას არ აქვს ვინმესთვის მხარდაჭერის ტრადიცია.

„ჩვენ ამომრჩეველს მარტო მოვუწოდებთ, რომ „გირჩს“ დაუჭირონ მხარი. არ მგონია, ეს ტრადიცია დავარღვიოთ, თუმცა ინდივიდუალურად ჩვენმა პოლიტიკოსებმა შეიძლება სხვადასხვა ეთერში სიმპათია გამოხატონ. ჯერჯერობით ამ მიმართულებით გადაყწვეტილება არ მიგვიღია“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება „ევროპულ საქართველოსაც“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ პარლამენტში მაჟორიტარულად კენჭისყრას აზრი არ აქვს

„ამ არჩევნებზე „ევროპულ საქართველოს“ არ ეყოლება კანდიდატი. ვინაიდან თვლის, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, აზრი არ აქვს ამ პარლამენტში მაჟორიტარულად კენჭისყრას, სხვა შემთხვევაში, დავუჭერთ თუ არა ამა თუ იმ კანდიდატს მხარს, ეს არის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი, რომელიც ამ დღეებში გაიმართება და გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა „ევროპული საქართველო“ მხარს რომელიმე კანდიდატს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს და შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„არ დაიჯეროთ, რომ ივანიშვილი ოდესმე წავა და ოდესმე არჩევნებს ჩაატარებს, თუ არ იქნა სამი ფაქტორი- ოპოზიციის გამოსვლა პარლამენტიდან ახლავე და არავითარი ახალი არჩევნები რუსთავსა და გარდაბანში. ეს ჩემს მეგობრებს არ უნდა შეეშალოთ. განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ ბატონ ბადრის. არავითარი მონაწილეობა“, – განაცხადა „ტვ პირველზე“ შალვა ნათელაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაზე იმსჯელებენ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში – „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ამ ბრძოლაში ერთიანი ფრონტი აჩვენოს.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, განსაკუთრებით „ლელოსთან“, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღებენ.

„ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, ჩვენს პარტიაშიც. გუშინ გვქონდა მსჯელობა, იცით, რომ დათო კირკიტაძე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა [რუსთავში] ოპოზიციურ ფრონტზე და, ვფიქრობ, მისი მოსაზრებები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ საბოლოოდ, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მათ შორის კამპანია როგორ წარიმართება სხვა ოპოზიციური პარტიების, გავაკეთებთ განცხადებას. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ბადრი ჯაფარიძეს უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბრძოლის გაგრძელება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დაუჭერს თუ არა ბადრი ჯაფარიძეს მხარს „სტრატეგია აღმაშენებელი“, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს

„ეს ამბავი ჩვენთვის სიახლეა. უნდა შევიკრიბოთ პოლიტსაბჭოზე და მივიღოთ გადაწყვეტილება. მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, თუ ბადრი ჯაფარიძეს მხარს დავუჭერთ“, – განუცხადა ნეტგაზეთს პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას ხელს შეუწყობს.

„არჩევნების გარდა, ეს მისი პასუხია უსამართლობაზე… დავანებოთ თავი, ეს უსამართლობა ჩემთვის არალეგიტიმურ პარლამენტში თუ სად ხდებოდა. ზოგადად, პროცესი მიდის, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს შეურაცხყოფა მიაყენონ და დაჭერით დააშინონ. ამ ბრძოლაში ასეთი საპასუხო რეაქცია ჩემგან პატივისცემას იმსახურებს. კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა. ბათუმშიც და აქაც[რუსთავშიც] საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას აუცილებლად შევუწყობ ხელს“, – განაცხადა „ტვ პირველზე“ ელენე ხოშტარიამ.

2022 წლის 2 აპრილს რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატუს არჩევნები გაიმართება, ხოლო ბათუმში – საკრებულოს. ბათუმში ენმ-ის არჩეული წევრი გარდაიცვალა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ხელახალი არჩევნები, ხოლო რუსთავის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა.

15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი