საზოგადოება

„არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო, პუტინმა ბოლომდე გაასხა უკრაინაში“ – სააკაშვილი ივანიშვილს

9 თებერვალი, 2022 • 2034
„არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო, პუტინმა ბოლომდე გაასხა უკრაინაში“ – სააკაშვილი ივანიშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ „არასწორი “სტავკა” გააკეთა“.

თავის გამოსვლაში ის ასევე ეჭვქვეშ აყენებს ირაკლი ღარიბაშვილის და დავით ზალკალიანის კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტს იმ დროს, როდესაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა.

“ძალიან არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ძმაო. ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე “სტავკა”, ასე როგორ დაგოიმდი, ჰა?! პუტინი ასხამს ბოლომდე უკრაინაში საქმეს. და რომ დაიმალე ჩირგვებში და უთხარი тише воды, ниже травы [რუსული გამოთქმა, რომელიც ჩუმად ყოფნას გამოხატავს] და რეზოლუცია რომ გამოატანინე, ღარიბაშვილი რომ დააავადე კოვიდით, როცა ანჟეი დუდა ჩამოდიოდა…

მან [დუდამ] ძალიან მოითხოვა, რომ მას შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს და მოითხოვა ღარიბაშვილთან შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, ინგლისის საგარეო მინისტრს როცა უნდა დაერეკა, ზალკაალიანს დაემართა კოვიდი… ვითომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ მათ თქვეს, რომ მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთ და ოთხივე დაკავებულიაო. მოკლედ, ბოლომდე გადასხით რუსეთის ბოსტანში“, – აცხადებს სააკაშვილი.

ის ასევე ამბობს, რომ მართალია, „ქართული ოცნება“ თავს იწონებს იმით, რომ მისი მმართველობის დროს ომი არ მომხდარა – „საქართველომ დაკარგა სოხუმისა და ცხინვალის ხელა ტერიტორია 1 გასროლის გარეშე” ე.წ. უკანონო ბორდერიზაციებით.


დღეს, 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი განხილვა მიმდინარეობს. სხდომა ხმაურით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე მოქმედი მაღალჩინოსნების (ღარიბაშვილი, ნარმანია) სახლების ფოტოები წარადგინა და განაცხადა, რომ კორუფციას არა თავად, არამედ ისინი ეწევიან. სააკაშვილმა წარადგინა მისი საქმის ერთ-ერთი პროკურორის, ჯარჯი წიკლაური სახლის ფოტოც, რამაც ამ უკანასკნელის პროტესტი გამოიწვია. მან სააკაშვილს გამოსვლა შეაწყვეტინა და განაცხდა, რომ ეს იყო ცილისწამება.

ვრცლად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე წაიკითხეთ აქ:

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი