საზოგადოება

დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი — მელიას პასუხი “იმედს”

6 თებერვალი, 2022 • 2587
დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი — მელიას პასუხი “იმედს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება მისი და პარტიის მხარდამჭერების საუბრის ვიდეოჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა” 5 თებერვალს გაავრცელა. ჩანაწერში მელია რიგ საკითხებზე საუბრობს, მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი და ენმ-ის მუშაობის ხარისხი წინასაარჩევნოდ.

რა გაავრცელა “იმედმა”

ხსენებული ჩანაწერი “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, 5 თებერვალს გავიდა. ტელეკომპანიის თანახმად, ვიდეო, რომელიც მას “მოქალაქემ მიაწოდა”, 1 დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული.

ჩანაწერი, სავარაუდოდ, ფარულად არის გაკეთებული. მასში მელიას ზოგიერთი ნათქვამი გარკვევით არ ისმის.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ენმ-ის თავმჯდომარე ეხება, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ვიდეოს მიხედვით, მელია აღნიშნულს არ ემხრობოდა.

“ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა”.

ჩანაწერის კიდევ ერთი ფრაგმენტის მიხედვით, მელია პარტიის ერთ-ერთ მხარდამჭერს მიმართავს და დასძენს:

“ქალბატონო, თქვენს მეზობელს რას ეუბნებით? თქვენს მეზობელს თუ ეუბნებით, რომ შენი და ჩვენი მთავარი იდეა არის “თავისუფლება მიშას”, არ გამოვა”.

ამასთან, მელიას სიტყვებით: “50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც”.

“ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ”.

ამავე კონტექსტში მელია საუბრობს წინასაარჩევნო პერიოდზე და არჩევნებისათვის უკეთ მომზადების საჭიროებაზე.

ნიკა მელიას პასუხი

ენმ-ის თავმჯდომარე ჩანაწერს 5 თებერვლის ღამით, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

“ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი”, — დასძენს ის და განაგრძობს:

“დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია.

დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა- რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს – შეკვეთა რომელიც მოგვცეს და მივიღეთ- არის ცვლილება რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე”.

მელიას სიტყვებით, ოპოზიციის გამარჯვებისათვის მისი უკეთესი მუშაობაა საჭირო.

“გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას; თუმცა არაფერი გამოუვათ თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები.

არაფერი გამოუვათ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად’ გამარჯვებაზე ვიფიქრებთ”.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, იცის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს დიდი მხარდაჭერა, “თუმცა არასაკმარისი”. მისი სიტყვებით, ბევრად მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ცვლილება სურთ.

“…ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოგვწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებით- ვართ თანამოაზრეები; ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი როგორ მივაღწევთ ცვლილებებს.

და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება. ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა”, — დასძენს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი