საზოგადოება

მუქარის გამო „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი რუსეთს ტოვებს

4 თებერვალი, 2022 • 1237
მუქარის გამო „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი რუსეთს ტოვებს

დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „ნოვაია გაზეტა“ (Новая газета) ჩეჩნეთში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტს, ელენა მილაშინას რუსეთიდან სხვა ქვეყანაში აგზავნის. ამის შესახებ გამოცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის ფედერაციულ ხელისუფლებასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით და იმის ფონზე, რომ ჟურნალისტი ბოლო დღეებში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა, რედაქტორებმა მისი ქვეყნიდან გაყვანა გადაწყვიტეს.

„ნოვაია გაზეტას“ თქმით, ჟურნალისტი უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებს და მისი ადგილმდებარეობა არ შეაფერხებს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის თემის გაშუქებას.

ელენა მალიშინა ცნობილია თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით, რომელიც ამხელს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დანაშაულებრივ ქმედებებს. მალიშინას ხშირად მოიხსენებენ, როგორც ანა პოლიტკოვსკაიას საქმის მემკვიდრეს. პოლიტკოვსკაია სწორედ ჩეჩნეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებებს აშუქებდა. ის 2006 წელს მოკლეს.

მალიშინას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი