საზოგადოება

ოპოზიცია უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს

24 იანვარი, 2022 • 1684
ოპოზიცია უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთობლივად მიიღონ. ამის შესახებ ოპოზიციამ დღეს, 24 იანვარს, პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

მათი თქმით, მოცემულ ვითარებაში აუცილებელია სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.

გარდა ამისა, ოპოზიცია ითხოვს, საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის გააქტიურებას და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზებას.

ოპოზიცია ასევე ითხოვს მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.

ამასთან, ოპოზიცია მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება.

საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. ოპოზიცია ითხოვს, რომ პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე.

ოპოზიციის წევრები მიმართავენ პარლამენტის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ კონსულტაციები აღნიშნული საკითხების განსახილველად.


მაშინ, როცა უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთისგან ყოველ წამს ელოდებიან უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ქართველი ანალიტიკოსები და ოპოზიციონერები საქართველოს მთავრობის „უმოქმედობას“ აკრიტიკებენ.

ქართველ ექპსერტებსა და პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საფრთხე, რომელიც უკრაინას ამჟამად უდგას, პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებაზეც. მათი შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია ახლა უკრაინის გვერდით მყარად დგომა, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, ძალიან მალე ზუსტად იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება საქართველო, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს და უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავდეს როგორც სიტყვით, ისე — საქმით.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციები „ხარისხობრივად დახვეწას საჭიროებდნენ“, რაზეც პარლამენტი სწორედ ახლა მუშაობს.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა რეზოლუციების „ხარისხობრივად დახვეწა“ და განხილვა დაჩქარებულად მომხდარიყო, სამხარაძე გვპასუხობს, რომ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული ნაწილი და  „რეზოლუცია ნახევარ საათში და ერთ საათში არ იწერება“.

„ამას სჭირდება ასევე კონსულტაციების გავლა სხვა ფრაქციებთან, ერთიანი მუშაობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საპარლამენტო არდადეგების პერიოდში. მოგეხსენებათ, იანვარი არ არის სასესიო პერიოდი. აქედან გამომდინარე, გაჭირდება ყველა დეპუტატის შეკრება და რიგგარეშე სესიის მოწვევა“, – ამბობს სამხარაძე.

ამასთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ არც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და არც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის რიგგარეშე სესიაზე განხილვის აუცილებლობაც არ დგას.

„ჩვენ 2021 წელსაც მივიღეთ მსგავსი რეზოლუცია, ამიტომ, იანვარში მივიღებთ ამ რეზოლუციას თუ თებერვალში, მერწმუნეთ, არაფერი არ დაშავდება. იგივე ეხება უკრაინის რეზოლუციასაც, ჩვენ ბოლო წლებში არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია და განცხადება გვაქვს უკრიანისთან მიმართებით მიღებული“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

რატომ აზიანებს საქართველოს „დუმილი“ უკრაინის საკითხზე

მასალების გადაბეჭდვის წესი