საზოგადოება

ბათუმის საკრებულოს წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ გაიყვანა

13 დეკემბერი, 2021 • 602
ბათუმის საკრებულოს წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ გაიყვანა

ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით, მიწოლით, გაიყვანა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რეზო ხარაზი იმყოფება მერის კაბინეტის კართან და პოლიციას მიმართავს. ის აცხადებს, რომ „კაბინეტში კორუმპირებული ჩინოვნიკები ზიან“ და პოლიციისგან ითხოვს რეაგირებას:

„იქ შეიარაღებული ჩინოვნიკები ზიან, მერს ველაპარაკებოდი და პოლიცია მომიყვანა, რა უნდა ელაპარაკო.“

ნახეთ: ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

ასევე, რეზო ხარაზმა მიმართა პოლიციის კონკრეტულ მაღალჩინოსანს, რომელიც ძალადობაში დაადანაშაულა:

„ის სულ ძალადობს აქციებზეც, ხან პანჩურს ურტყამს მოქალაქეებს“.

ამ წუთებში რეზო ხარაზი მერის კაბინეტთან ხმამაღლა კითხულობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკულ დასკვნას.

მერიის შენობაში მივიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ოპოზიციიდან, ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონიც.

დღეს, 13 დეკემბერს, დილიდან ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიაში აქციას მართავს, საკრებულოს წევრები მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების შემდეგ, მერისგან რეაგირებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი