საზოგადოება

სააკაშვილთან ანა ფოტიგას ვერშესვლა ძალიან დიდი სკანდალი იქნება – ხოშტარია

12 ნოემბერი, 2021 • 1250
სააკაშვილთან ანა ფოტიგას ვერშესვლა ძალიან დიდი სკანდალი იქნება – ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან არშეშვება ძალიან დიდი სკანდალი იქნება.

მისი თქმით, დემოკრატიის ისეთი დიდი დარტყმისა და მწვავე კრიზისის დროს, როგორიც ახლა საქართველოშია, ქვეყნის პარტნიორებისა და ევროპარლამენტარების ვიზიტი მნიშვნელოვანი ჟესტია.

„მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის მხარდასაჭერად არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ამ მომენტამდე არ ვიცი, ის შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შესვლას. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილის უფლებები წარმოუდგენლად ითელება. მისი იქ ვერშესვლა იქნება ძალიან დიდი სკანდალი და კიდევ ერთი დიდი დარტყმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ- პოლიტიკოსები, მოქალაქეები, აქტივისტები არ ვეგუებით და ვიბრძვით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი.

ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ევროპელ პოლიტიკოსებს იუსტიციის სამინისტრო თანხმობას არ აძლევს.

ნეტგაზეთი იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან განმარტებას ელოდება, თუ რატომ ვერ შედიან სააკაშვილთან საქართველოში მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი