საზოგადოება

ეს ვიდეოები კითხვის ნიშანს აჩენს და არის სამწუხარო – ჰარცელი

12 ნოემბერი, 2021 • 854
ეს ვიდეოები კითხვის ნიშანს აჩენს და არის სამწუხარო – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება სამწუხაროა და ბევრ კითხვის ნიშანას აჩენს. ამის შესახებ მან დღეს, 12 ნოემბერს, განაცხადა.

„შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ ვიდეოების გამოქვეყნება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და არის სამწუხარო. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავ, ეს რამენაირად ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ასევე ვერ ვხედავ, რომ მათი გამოქვეყნების მიზანი იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში – ეს არის ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა, ისევე, როგორც ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ღირსების დაცვას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

11 ნოემბერს გავრცელდა კადრები, რომელიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების გავრცელების შემდეგ პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი