სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენელი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) შედის. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა.
ლომჯარიას თქმით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურულად ციხის საავადმყოფო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიყვანეს. თუმცა, როგორც ლოჯარიამ განუცხადა “ნეტგაზეთს”, მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში სამედიცინო ინფრასტრუქტურა სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციებს არ შეესაბამებოდა:
“ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ შევამოწმეთ მეორედ [გლდანის ციხის საავადმყოფოში] და გარკვეული სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ იყო ადგილზე და, როგორც გვითხრეს, შეუძლებელიც იქნებოდა, რომ ყოფილიყო. გამორიცხავდნენ, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის დაყენებას, ასევე, სხვა აპარატურისაც. ჩემი წარმომადგენელი მიდის ადგილზე და კიდევ ერთხელ შევაფასებთ.
რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლის და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს სხვა პატიმრების მხრიდან, ეს რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ასევე იქნება რისკები მისი მონახულების შემთხვევაში მისი ადვოკატების მიმართაც, თუმცა ადგილზე გავეცნობით ვითარებას და შემდეგ გეტყვით, რამე თუ შეიცვალა ინფრასტრუქტურულად, დააზღვიეს ეს რისკები თუ არა”, – განმარტა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის ცნობით, ფიზიკური უსაფრთხოების რისკები ციხის კლინიკაში დაზღვეული იყო, მათ შორის პალატის სავარაუდო მდებარეობა.
“ფიზიკური უსაფრთხოების რისკები გათვლილია, მნიშვნელოვანია, რომ ეს შესრულდეს, თუმცა, რაც ვნახეთ, გარკვეული ნაბიჯები უკვე იყო გადადგმული ამისთვის”, – განაცხადა ლომჯარიამ.