განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეორედი ჩარიცხვების დაშვებით სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია კანონს არღვევს. მისი თქმით, არ შეიძლება ამან სისტემატიური ხასიათი მიიღოს. სანიკიძე ამბობს, რომ მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის შემთხვევაში რანჟირება თავიდან მოხდება და ეს იმ აბიტურინეტების მიმართ იქნება უსამართლო, რომლებიც უკვე მოხვდნენ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში.

 

პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აბიტურიენტების ნაწილი შიმშილობას განაგრძობს. აბიტურიენტები უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია ისინი სწავლის გარეშე არ დატოვოს.

 

განათლების სამინისტროს შენობასთან აბიტურიენტები უკვე მეხუთე დღეა მეორადი ჩარიცხვების დაშვებას მოითხოვენ. მათი უმეტესობა ადგილზე ორშაბათიდან იმყოფება. როგორც აბიტურიენტები ამბობენ, შიმშილობის გამო რამდენიმე მათგანმა გონება დაკარგა და სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო.

 

ერთ-ერთ აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში საშუალოზე მაღალი ქულები მიიღო და მაინც ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, მარიამ ვადაჭკორიაა. როგორც თავად ამბობს, მან 11 სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაწერა. მარიამმა ყველა საგანში 50%-ზე მეტი ქულები დააგროვა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სასურველ ფაკულტეტებზე მოსახვედრად.

 

აბიტურიენტები განათლების სამინისტროსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

 

”მე თერთმეტი უნივერსიტეტი მეწერა. აქედან ისეთი ფაკულტეტებიც, სადაც არ არის მაღალი კონკურენცია და ყველგან იყო ორსაი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანში დავაგროვე 50 %-ზე მეტი ქულა, მაინც ვერსად მოვხვდი. კერძო უნივერსიტეტი არ მეწერა, იმიტომ, რომ ვარ სოციალურად დაუცველი. ჩემი ოჯახი ვერ შეძებდა 3 და 5 ათასი  ლარის გადახდას,” – ამბობს მარიამი.

 

მისი თქმით, აბიტურიენტები მხოლოდ ვაკანტურ ადგილებში გადანაწილებას ითხოვენ და მათ არანაირ სახელმწიფო გრანტებზე აქვთ პრეტენზია:

 

”ჩვენ ვითხოვთ ვაკანტურ ადგილებში გადანაწილებას, რომელიც 18 ათასია და თავისუფალია. ჩვენ არანაირ პრობლემებს ვუქმნით იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ უნივერსიტეტებში. იმით, რომ ჩვენც დაგვიშვან უნივერსიტეტებში, ამ ბავშვებს არანაირი პრობლემა ექნებათ. არანაირ გრანტებს, არანაირ დაფინანსებას ჩვენ არ ვითხოვთ.”

 

როგორც მარიამი ამბობს, აბიტურიენტთა ნაწილი სამინისტროსთან მეოთხე დღეა შიმშილობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მეორადი ჩარიცხვები არ დაინიშნება, ისინი შიმშილობას გააგრძელებენ.

 

”ნაწილი შიმშილობს, ნაწილმა – ვერა (ჯანმრთელობის პრობლემების გამო). რამდენიმე ბავშვმა შიმშილისგან განება დაკარგა. ამის გამო, სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. მეორადი ჩარიცხვები რომ არ დაუშვან, რა თქმა უნდა, შიმშილობას გავაგრძელებთ. ჩვენ ვართ მაღალქულიანი აბიტურიენტები და ძალიან დიდი უსამართლობაა ჩვენი ქუჩაში დარჩენა. კანონი ითვალისწინებს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება. განათლების სამინისტრო უსამართლოდ მოგვექცევა, თუ ჩვენ გარეთ დაგვტოვებს,” – ამბობს მარიამ ვადაჭკორია.

 

აბიტურიენტების ტრანსფარატები განათლების სამინისტროსთან. 03.09.2015. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

 

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც ბარიერი ყველა საგანში გადალახა და ვერ ცერთ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ნათია ტყემალაძეა. მისი თქმით, განათლების სამინისტროსთან შეკრებილი ადამიანები არ ებრძვიან იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში.

 

”რა თქმა უნდა, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ვიბრძოლებთ ბოლომდე იმიტომ, რომ აღვადგინოთ სამართლიანობა. მართლა მაღალი ქულები მივიღეთ და უსამართლობაა ჩვენი გარეთ დატოვება. იმის გამო, რომ არასწორად შევავსეთ ფაკულტეტები, არ გვინდა, გარეთ დავრჩეთ და ჩვენი შრომა წყალში ჩაიყაროს. ახლა ისიც გამოაცხადეს, რომ მეორადი ჩარიცხვები დაინიშნებაო, თუმცა სპეციალურად აგვიჯანყეს ის აბიტურიენტები, რომლებიც უკვე სტუდენტები გახდნენ. ჩვენ კი ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ მოვხვდეთ ვაკანტურ ადგილებში, რომელიც უამრავია დარჩენილი. ასე რომ, ჩვენ არ ვებრძვით იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში,” – ამბობს ნათია.

 

აბიტურიენტი განათლების სამინისტროს სთხოვს, რომ გასული წლების მსგავსად, წელსაც დაუშვან გამონაკლისი და დანიშნონ მეორადი ჩარიცხვები:

 

”მე ვთვლი, ის უფრო დიდი უსამართლობა იქნება, რომ წელს გამორიცხონ მეორადი ჩარიცხვების დაშვება და მაღალქულიანი ბავშვები გარეთ დაგვტოვონ. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ბავშვი შემოგვიერთდება. ისინი ყოველდღიურად ჩამოდიან სხვადასხვა რაიონებიდან და ყველა ერთად  ვიბრძვით განათლების უფლების მოსაპოვებლბად. მხოლოდ ჩვენ არ ვართ აქ. სტუდენტებიც გვეხმარებიან და ის მოსწავლეებიც, რომლებიც წელს გახდნენ აბიტურიენტები. მათ არ უნდათ, რომ იგივე უსამართლობას წააწყდნენ მომავალ წელს, რასაც ჩვენ.”

 

აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქციებს განაგრძობენ. 03.09.2015. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

 

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, იმ მოშიმშილე აბიტურიენტების, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი გადალახეს, მაგრამ სტუდენტები ვერ გახდნენ, უნივერსიტეტებში ჩარიცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რანჟირების დოკუმენტი ყველასთვის გაუქმდება.

 

განათლებისა მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, მეორადი ჩარიცხვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრისას გადაწყდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *