აღნიშნულ კვლევაში აქცენტები ისეთ საკითხებზეა, როგორიცაა: მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო მომსახურების მოხმარების ტენდენციები, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი და კერძო სამედიცინო დაზღვევის პერსპექტივები, და სხვა.

 

ბარომეტრის მორიგი ტალღის მთავარი მიგნებეი ასეთია:

 

ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებით, ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად “C” ჰეპატიტის პროგრამა დასახელდა.

 

მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ექსპერტთა მოსაზრებებით მნიშვნელოვნად შემცირდა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.

 

2015 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ დროისთვის შეადგენს 522,637 დაზღვეულს. რამაც, მოსალოდნელია შეამციროს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი პოზიტივია;

 

გაზრდილია ასევე ჰოსპიტალური სერვისების მოხმარებაც, განსაკუთრებით კი, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი (314%-ით), რაც ბადებს ლოგიკურ კითხვას: გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა ხომ არ არის საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ხომ არ შეუქმნის პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს, რომელიც უკვე გადახარჯულია?

 

ამასთან, ბარომეტრის მესამე ტალღიდან (ივნისი, 2014წ) დღემდე, ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა სახელდება.

 

“მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემებს ასევე ხაზს უსვამს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული „ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014“,  სადაც ნათქვამია, რომ ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე გაიზარდა და განსაკუთრებით მოსახლეობის უღარიბეს ფენებში. სავარაუდოა, რომ ღარიბებს შორის მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ზრდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის  ხარჯზე მოხდა”,  წერია საერთაშორისო ფონდ კურაციოს განცხადებაში.

 

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 14%-ით, ანუ 32 მილიონი ლარით მეტია დახარჯული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *