საზოგადოება

თბილისი სამშენებლო მოედანი არაა – ინტერვიუ ცირა ელისაშვილთან აქციაზე ‘SOS თბილისი’

2 ივნისი, 2015 •
თბილისი სამშენებლო მოედანი არაა – ინტერვიუ ცირა ელისაშვილთან აქციაზე ‘SOS თბილისი’

ცირა ელისაშვილი
ცირა ელისაშვილი

მსვლელობა თბილისის საკრებულოდან მირზა შაფის ქუჩამდე იქნება. აქცია მხოლოდ მირზა შაფს უკავშირდება?

 

მირზა შაფის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ის, რაც “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით დავიწყეთ, აუცილებლად გასაგრძელებელია. ეს არის კონკრეტული აქცია, მაგრამ არა კონკრეტულად მირზა შაფზე. იმდენი სამწუხარო საჩუქარი გვხვდება თბილისთან მიმართებაში, რომ კონცენტირებული რეაქციის და რესურსის თავი არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს, თუ არ გავერთიანდით იმ ურბანული პოლიტიკის წინააღმდეგ, რასაც ახორციელებს ხელისუფლება.

 

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს აქცია მირზა შაფთან კავშირში იქნება. ამავე დროს აქციაზე მოსულ ადამიანებს დავახვედრებთ გამოფენას, რომლის მიხედვითაც მიხვდებიან, რა ემუქრება ქალაქს. იქნება კონკრეტული ობიექტების ფოტოები, სად, რომელ ტერიტორიაზე, რა პროექტი იგეგმება და ძეგლის სტატუსის მქონე რომელი შენობის დანგრევა არის გათვალისწინებული, გაცემული ნებართვის საფუძველზე.

 

არ მინდა გაიგოთ, რომ ეს არის აქცია აქციისთვის. ჩვენ ორი მხრივ უნდა განვახორციელოთ ჩვენი მოქმედება. ერთი არის საზოგადოებრივი აქტივობა, პეტიციები, ხელმოწერები, კულტურული ღონისძიებებისა და საპროტესტო აქციების მოწყობა. მეორე არის სამართლებრივი გზა – პანორამისა და მირზა შაფის სასამართლოს ჭრილში გადატანას ვაპირებთ.

საინტერესოა, რომ ერთიანდებით სხვადასხვა ორგანიზაცია და მოძრაობა, რომლებიც ზრუნავთ თბილისზე….

 

არა მარტო თბილისზე. იმიტომ, რომ აქ არის რაჭის საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია, საყდრისის დამცველები, ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები. აქ არის ბათუმის სამი ორგანიზაცია, რომელიც გვიერთდება.

 

საჭიროა ორგანიზაციული გაერთიანება. აქცია “თბილისი SOS” სახელით გავაკეთეთ იმიტომ, რომ სადღაც იქნება “თბილისი SOS”, სადღაც იქნება “ბათუმი SOS”, “სვანეთი SOS” და ასე შემდეგ. ეს იქნება ის, რაც უნდა მოედოს მთელ ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, რა პრობლემებიც დაფიქსირდება,

ფეისბუქში, ღონისძიების გვერდზე გაქვთ მითითებული, რომ “ეს უკვე მართლა ბოლოა. ამის იქით ან მარცხია, ან გამარჯვება..” ასე რთულადაა საქმე?

 

ეს მართლა უკვე ბოლოა იმიტომ, რომ თითზე ჩამოსათვლელი ტერიტორიები დაგვრჩა, რომელსაც შეგვიძლია ურბანული ხასიათის ძეგლი ვუწოდოთ. არა კონკრეტულად შენობას, არამედ როგორც დიდ კომპლექსურ ტერიტორიას. ეს კომპლექსური ტერიტორიები მეჩხერულად გამოთავისუფლდა ახალი მშენებლობებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრულიად სამარდება ის, რასაც ჰქვია თბილისის, როგორც კომპლექსური ძეგლის მიღება იუნესკოს  ნუსხაში.

 

არც ესაა გადამწყვეტი. თბილისს ამითი არაფერი აკლდება, კონკრეტულად იქნება თუ არა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. აკლდება სახელმწიფოს შემოსავლების თვალსაზრისით, აკლდება ტურისტს ვიზუალური კუთხით. ვფიქრობთ, რომ ყველა საკითხი გასაერთიანებელია, საჭიროა საერთაშორისო ინტერვენცია, დავუკავშირდეთ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათი მხარდაჭერა მოვიპოვოთ განცხადებების სახით თუ აქ ჩამოსვლის სახით. ეს საკითხი, რაც უკვე დაწყებულია ამ გაერთიანების კუთხით, არ არის ერთჯერადი.

თქვენ მითითებული გაქვთ ხუთი საკითხი. ეს ის საკითხებია, რაც განაპრიობებს თბილისის პრობლემებს?

 

თუ დააკვირდებით, ზოგადი ხაიათის მოთხოვნებია, მაგრამ ხუთივე მოთხოვნის უკან კონკრეტული მაგალითებია. ამიტომ ვერ გავაკეთეთ ყველა პრობლემის ჩამონათვალი და გავაკეთეთ კონცენტრირება 5 საკითხზე, რომელიც არღვევს თბილისის იერსახეს.

 

მიგაჩნიათ, რომ ეს საფრთხე ხელისუფლებისგან მოდის?

 

სამწუხაროდ, ვართ ვითარებაში, როდესაც სახელისუფლებო და საინვესტიციო ინტერესები გაერთიანდა და ის სტრუქტურები, რომლებიც პირდაპირ მოწოდებული არიან იმისთვის, რომ დაიცვან კულტურული მემკვიდრეობა, იცავენ ინვესტორის უფლებას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ერთადერთი, რაც დარჩა, რომ ხმა ამოიღოს, არის საზოგადებრივი ორგანიზაციები და ხალხი, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება.

 

თუმცა მთავრობის ყოფილი თუ მოქმედი წევრები გიწოდებენ დაინტერესებულ ჯგუფს. ასევე, წინა მთვრობის დროს არსებული ურბანული სტრატეგია და ნაკლები დიალოგი კვლავ პრობლემად რჩება?

 

ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არ შეცვლილა პოლიტიკა ხედვისა და ქმედების თვალსაზრისით. პირიქით, უფრო დამძიმდა. ეს მასშტაბური პროექტები, რომელიც ახლა არის, მაშინ არ იყო. ცოტა უფრო წერტილოვანი მზერები იყო. ახლა კაპიტალი უფრო სხვა არის.

ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

 

“პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უკავშირდება, მაგალითად. მაგრამ აქ კიდევ ერთ თემაა. აუცილებელია იმის გააზრება, რომ თუ ეს დაინეტერესება იგულისხმება იმაში, რომ მაინტერესებს როგორი იქნება თბილისი, მაშინ მე ვარ დაინტერესებული მხარე. თუმცა ხმის ამოღების უფლება არ აქვთ იმ ორგანიზიაციებს და კერძო პირებს, ვინც ამ ქალაქს უყურებს, როგორც სამშენებლო მოედანს.

 

მე არ ვუყურებ თბილისს, როგორც სამშენებლო მოედანს. არანაირი ინტერესი ამ თვალსაზრისით არ მაქვს და ამ კუთხით ვერ ვიქნები დაინტერესებული. ამიტომ ვამბობთ ამ ხმამაღალ ფრაზას, “მე ვარ ქალაქი”, რადგან არ მაქვს კომერციული ინტერესი.

 

ვისთვისაც თბლისი მხოლოდ სამშენებლო მოედანია, მხოლოდ განაშენიანების ჯამური ფართია და მხოლოდ გასაყიდი ბინების თანხაა, მათ არ აქვთ უფლება, რომ ჩვენ, ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირი კომერციული ინტერესი არ აქვს, გვიწოდონ დაინტერესებული მხარე.

ჩვენი პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქის განვითარებას ვეწინააღმდეგებით. პირიქით ვამბობთ, რომ თბილისი ძალიან სუსტადაა განვითარებული. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ვამბობთ, განსავითარებელი ადგილები არის არა ისტორულ ზონაში, არამედ მის გარეთ, რომ შეიქმნას ისეთი აგლომერაციები, რომლებიც ნაკადებს მოიზიდავს ფინანსურ, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ინტერესებს. განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ ახალი აშენო ძველის ნგრევის ხარჯზე. ამ მიდგომასა და ამ ხედვაშია განსხვავება ჩვენსა და ხელისუფლებას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი