სოციალური მუშაკის პროფესიაც საქართველოში თითქმის ამდენივე წელი, 1999 წლიდან არსებობს. 

 

“1999 წლამდე ეს პროფესია საქართველოში არ არსებობდა. როდესაც ქვეყანა გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციას შეუერთდა, ასეთი კადრების არსებობის აუცილებლობაც დადგა. მათივე ინიციატივით საქართველოში ბრიტანული ორგანიზაცია Everychild ჩამოვიდა და განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან მემორანდუმები გააფორმა. ახალი პროფესიის განვითარებაც მაშინ დაიწყო”, – ამბობს მარინა მენთეშაშვილი.

 

პირველ ეტაპზე საჭირო კადრები სხვადახვა, როგორც მარინა მენთეშაშვილი ამბობს, მომიჯნავე პროფესიებიდან შეარჩიეს. 

 

“თბილისიდან, რუსთავიდან და თელავიდან ექვს-ექვსი ადამიანი კონკურსით შეგვარჩიეს და დაიწყეს ჩვენი გადამზადება. გადამზადების ინტენსიური კურსი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა”. 

 

მარინა მენთეშაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სოციალური მუშაკის სტატუსით ქვეყანაში დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის სათავეებთან იდგა. 

 

“მაშინ ტერმინი “მინდობით აღზრდა” ჯერ კიდევ ძალიან უცხო იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. დავდიოდით დიდი ზომის ბავშვთა სახლებში, ვხვდებოდით პერსონალს, რომელსაც სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდა, ვატარებდით მათთან სამუშაოებს და ვარწმუნებდით, რომ თუ პროფესიონალები იყვნენ, შესაძლებელი იყო გამხდარიყვნენ მიმღები მშობლები, საოჯახო ტიპის სახლების თანამშრომლები და ა.შ. გარდა ამისა, ვმუშაობდით მშობლებთან”. 

 

მარინა მენთეშაშვილი 2003 წლიდან World Vision Georgia-ს პროექტის მენეჯერია და სოციალური მუშაობის სფეროში საქმიანობას აგრძელებს.

 

სოციალური მუშაკთა პროფესიის განვითარებაში საქართველოში განსაკუთრებული როლი აქვს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“, რომლის მხარდაჭერით 2000-2011 წლებში 25-ზე მეტმა ადამიანმა სოციალური მუშაობის სფეროში სამაგისტრო განათლება აშშ-ში კოლუმბიის და სენტ ლუისის უნივერსიტეტებში მიიღო. 

 

როგორც ფონდის ხელმძღვანელი, ქეთი ხუციშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მათი უმეტესობა საქართველოში დაბრუნდა და უმაღლეს სასაწავლებლებში ამ კურსის დანერგვა დაიწყო.

 

“ჩვენთვის ძალიან ნიშვნელოვანია, რომ ფონდი 2000 წლიდან ეხმარებოდა ამ სფეროში განათლების შემოტანას საქართველოში. ამ ადამიანებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმაში, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმაში, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში, ვიმედოვნებთ, მათი როლი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებშიც გაიზრდება”, – ამბობს ქეთი ხუციშვილი. 

 

მისივე განმარტებით, საგანმანათლებლო პროექტების გარდა, ფონდი ამ კუთხით დღემდე მუშაობს. სწორედ ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის [GASW] 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დღეს, 30 აპრილს გაიმართა. 


საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც თბილისში 2004 წელს საქართველოში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა დააარსეს.


აღნიშნულ ღონისძიებაზე იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყანაში სოციალური მუშაობის სფეროში არსებობს.

 

“მიღწევების პარალელურად, ეს სფერო გამოწვევების წინაშეც დგას. ეს არის სოციალური მუშაკების სტატუსი და ანაზღაურება, რომელიც ,სამწუხაროდ, დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შესაბამისი სოციალური სტატუსი მიანიჭოს მათ და ღირსეული ანაზღაურება დაუნიშნოს”, – ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხელმძღვანელი. 

 

დღეს უკვე საოციალური მუშაკის სპეციალობა აკადემიური დისციპლინის სახით ილიას უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს. აღნიშნულ დარგში საქართველოში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამების გავლაც შესაძლებელია.

 

“მეც ვასწავლი ამ პროგრამებზე და საღამოს 7 საათზე ადრე ლექციებს ვერ ვნიშნავთ, ვინაიდან ჩვენი კურსდამთავრებულების 100-ივე პროცენტი დასაქმებულია. იმაზე დიდია მოთხოვნაა სოციალურ მუშაკებზე დღეს საქართველოში, ვიდრე მათი მიწოდება”, – ამბობს ია შეყრილაძე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი და დამფუძნებელი, რომელმაც სოციალურ მუშაობაში მაგისტრის ხარისხი სწორედ აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. 


ყოველწლიურად საბაკალავრო პროგრამას, მაგალითად, თსუ-ში, დაახლოებით 20-30 სტუდენტი ამთავრებს. 

 

დღეს საქართველოში სოციალური მუშაკების ძირითადი დამსაქმებელი სახელმწიფოა  – სოციალური სააგენტო და პრობაციის ეროვნული სააგენტო. მხოლოდ სოციალურ სააგენტოში 270-მდე სოციალური მუშაკია დასაქმებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *