საზოგადოება

არა მონობას – RMG Gold-ის ოფისთან მუშების უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ [ფოტო/ვიდეო]

13 მარტი, 2015 • 2322
არა მონობას – RMG Gold-ის ოფისთან მუშების უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ [ფოტო/ვიდეო]

სოლიდარობის ნიშნად აქციას სტუდენტური მოძრაობები და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებიც შეუერთდნენ. მათ კომპანიის ოფისთან ბანერები, დროშები და მაშხალები მიიტანეს. ერთ-ერთმა სტუდენტმა საპროტესტო გრაფიტის გაკეთება სცადა, თუმცა მას სამართალდამცველებმა არ მისცეს ამის უფლება.

თებერვალსა და მარტში მეტალურგთა პროფკავშირი წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიაში დასაქმებულმა დაახლოებით  900-მდე მუშამ დატოვა. RMG Gold-ის ოფისთან შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კომპანიის ადმინისტრაციის ზეწოლამ გამოიწვია.

საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ 2014 წელს დადებული კოლექტიური შეთანხმებიდან კომპანიამ ყველაზე ადვილად შესასრულებელი პუნქტები შეასრულა:

”შარშან დაიდო შეთანხმება, რომელიც იყო მედიაციის შედეგი. მედიაცია გაიმართა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ. შეთანხმებაში იყო დაახლოებით რვა პუნქტი. აქედან კომპანიას მხოლოდ ერთი პუნქტი აქვს შესრულებული და ერთი – ნაწილობრივ, დანარჩენი პუნქტები არ იყო შესრულებული. სწორედ ამ პუნქტების შესრულებას მოვუწოდებდით ჩვენ კომპანიას. ბოლო წერილობითი მოთხოვნა გავაკეთეთ 3 თებერვალს და ამ დღიდან დაიწყო პროფკავშირის წინააღმდეგ დევნა.”

თამაზ დოლაბერიძე სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს. 13.03.2015 ფოტო: გიორგი დიასამიძე

გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილე, ეთერ მათურელი აცხადებს, რომ პროფკავშირიდან გასვლის შესახებ ერთდროულად ასობით ადამიანი განცხადებას არ დაწერდა, რომ არა კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან სიტყვიერი დაძალება:

”კაზრეთელ მუშებს შარშან დასჭირდათ 40-დღიანი გაფიცვა იმისათვის, რომ თავისი კონსტიტუციური უფლებისათვის მიეღწიათ. კერძოდ, მიეღწიათ იმისათვის, რომ დამსაქმებელი დამდგარიყო მათთან და კოლექტიური ხელშეკრულება გაეფორმებინათ. პირველად იქნა გამოყენებული სოციალური მოდერატორის ფუნქცია და როლი. მოდერატორად იყო ირაკლი ყანდიაშვილი ჩართული და მიღწეულ იქნა კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა მოხდა ისე, რომ კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან [კომპანიის] ადმინისტრაცია თავს იკავებს და პროფკავშირის აქტივის წევრებს, რომლებიც ითხოვენ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, და მთლიანად პროფკავშირულ მოძრაობას აყენებენ საშიშროების წინაშე, დამსაქმებელთა სიტყვიერი დაძალებით, რომლის ფაქტის დაჭერაც ძალიან ძნელია.”

მათურელი ამბობს, რომ სახელმწიფომ არ უნდა მისცეს დამსაქმებელს იმის უფლება, არჩევანის წინაშე დააყენოს ადამიანი – პროფკავშირი ან დასაქმება. მისი თქმით, ეს არის დისკრიმინაცია და კონსტიტუციის დარღვევა.

საპროტესტო აქცია RMG Gold-ის ოფისთან. 13.03.2015. ფოტო: გიორგი დისამიძე

RMG Gold-ის ოფისთან შეკრებილ ადამიანებს იმედი არ აქვთ, რომ კომპანიის წარმომადგენლები დადებული შეთანხმების ყველა პუნქტს შეასრულებენ. მუშები, პროფკავშირის წარმომადგენლები და სტუდენტები აცხადებენ, რომ მსგავსი გამოსვლებით ისინი სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლას ცდილობენ, რომელიც წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიმართ ლოიალურობას იჩენს.

”სახელმწიფო არის ამ კომპანიის მხარდამჭერი, ამ კომპანიასთან შეზრდილი და ჩნდება ლოგიკური ეჭვი (ცხადია, ამის დოკუმენტებით დასაბუთება ჩვენ არ შეგვიძლია) – თუ ამ კომპანიას ყველაფრის უფლებას აძლევ, ესე იგი შენია და შენ ხარ მისი წარმომადგენელი. თან, გარდა ამისა, ეს კომპანია არის ოფშორულ ზონაში დარეგისტირებული ვირჯინიის კუნძულებზე და ჩვენ ვერ ვიგებთ, ვინაა მისი რეალური მფლობელი. ეს კიდევ ერთი-ორად აორმაგებს ჩვენს ეჭვს. თუ ვცდებით, გამოვიდნენ, გვითხრან, ვინ არის მფლობელი და იმ ფლობელს მოვთხოვთ ჩვენ პასუხს,” – ამბობს სტუდენტური მოძრაობა ”მწვანე მუშტის” წარმომადგენელი, ლევან ლორთქიფანიძე.

საპროტესტო აქცია RMG Gold-ის ოფისთან. 13.03.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ქსნის მინის ტარის, რუსთავის აზოტის, ჭიათურის მაღაროს, ტყიბულის მაღაროს და თავად RMG Gold-ის ქარხანის მუშები. კომპანიის ოფისთან მათ მხარდასაჭერად მივიდნენ საქართველოს სტუდენტური პროფკავშირების, ასევე, სხვადასხვა სტუდენტური მოძრაობების და ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ნეტგაზეთი წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა RMG Gold-ში კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი