საზოგადოება

რა თანხაა საჭირო არსებობისთვის

22 თებერვალი, 2015 • 1735
რა თანხაა საჭირო არსებობისთვის

 

რამდენი გჭირდებათ (ერთ ადამიანს) თვეში კვებისა და აუცილებელი ნივთების შესაძენად? – “ბათუმელებმა” ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში 115-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ თვეში მხოლოდ საკვებისთვის და აუცილებელი ნივთების შესაძენად 180-ზე მეტი ლარი სჭირდება.

 

პასუხის ვარიანტებში ის რიცხვები მივუთითეთ, რომლებიც ახლოს იყო იმ საარსებო მინიმუმთან, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ოფიციალურად ფიქსირდებოდა ქვეყანაში.

 

საბოლოოდ პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: მჭირდება 100 ლარზე ნაკლები – 0% (0 ხმა); 100-140 ლარი – 3,48% (4 ხმა); 150-170 ლარი – 4,35% (5 ხმა) და – მჭირდება 180-ზე მეტი ლარი – 92,17% (106 ხმა).

 

საარსებო მინიმუმს ქვეყანაში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ითვლის, ძირითადად, მინიმალური სასურსათო კალათისა და სხვადასხვა კვლევის საფუძველზე. მინიმალური კალათის „მენიუს“ კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს. რაც შეეხება ფასებს, ბუნებრივია, მას ბაზარი და ვალუტის კურსი განსაზღვრავს, რასაც არსებობისთვის ისედაც არასაკმარისი „საარსებო მინიმუმი“ ფეხს ვერანაირად ვერ უწყობს.

 

საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70 პროცენტით განისაზღვრება, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი – 30 პროცენტით, რაშიც, ფაქტობრივად, არ შედის მედიკამენტები.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ სასურსათო და არასასურსათო ხარჯების პროცენტული წილი საარსებო მინიმუმში 55/45 თანაფარდობით მაინც უნდა იყოს.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ გასულ წელს ალტერნატიული კვლევა ჩაატარა, გაზარდა აუცილებელი პროდუქტების კილო/კალორიები 2300-დან 2500-მდე, ასევე სასურსათო პროდუქტების ჩამონათვალიც და 8 ქალაქის 11 ბაზარი შეისწავლა. კვლევის შედეგად შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმმა 309 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია მოიცავს რამდენიმე საკითხს. ამასთან, თუ ღარიბი მოსახლეობის კუთხით შევხედავთ, ეს თანაფარდობა რეალურია, ხოლო თუ საშუალოზე მაღლა მდგომი ჯგუფის კუთხით, მაშინ არარეალური და გადასახედია, რადგან ღარიბი ხარჯავს საკვებში პირობითად, დაახლოებით 90%-ს, ხოლო მდიდარი – 10%-ს.

 

„სხვადასხვა კვლევაა, რომლებიც აჩვენებს რამდენს მოიხმარენ, ვთქვათ, ღარიბები და მდიდრები… ჩვენ ვთვლით, რომ ამდენს მოიხმარენ, რაც დასტურდება კიდეც კვლევებით, დადგენილია საარსებო მინიმუმიც და ჰყოფნით თუ არა, საკმარისია თუ არა – ეს სხვა თემაა, ეს პოლიტიკური განცხადებები არის და პლუს კიდევ ბევრ სხვა რამეს შეიცავს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში საქსტატის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა გიორგი კალაკაშვილმა. მისივე თქმით, თუ შეიცვლება მეთოდოლოგია და კალათა, ცხადია, ეს ციფრებიც შეიცვლება.

 

„2003 წელს თუ იყო დაახლოებით 103 ლარი საარსებო მინიმუმი – მეთოდოლოგიაში ისეთი ცვლილებები შევიდა, რომ 2004 წელს საარსებო მინიმუმი ჩამოვიდა 84 ლარზე. ეს იყო ხელოვნურად, რადგან, ზოგადად, საარსებო მინიმუმზე ხდება სწორება მთელი ქვეყნის სოციალური პოლიტიკის. ეს თემა ახლაც აქტუალურია, ვინაიდან ყველა თანხმდება იმაზე, რომ საარსებო მინიმუმი არის არარეალური ციფრი და რომ შეუძლებელია 150 ან 160 ლარით ცხოვრება. შესაბამისად, ამ ეტაპზე რეალობას რომ არ ასახავს, ეს არის მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზები. ამ მეთოდოლოგიის სწორი ცვლილება ავტომატურად მოახდენს საარსებო მინიმუმის ფულადი გამოსახულების ცვლილებასაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან კრიალაშვილმა.

 

მისივე თქმით, ვინაიდან იყო დაპირება, რომ საარსებო მინიმუმზე უნდა მომხდარიყო სოციალური პოლიტიკის სწორება, „ოცნებამ“ ასეთი სწორება საპენსიო პოლიტიკის კუთხით მოახდინა. ვინაიდან ეს არასაკმარისია, მეორე დაპირებაზე გადავიდა მთავრობა, რომ საარსებო მინიმუმი გადაიხედება: „ამას აპირებენ, მაგრამ რამდენად შეასრულებენ, მეორე საკითხია. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერ დონეზეა გაცხადებული, რასაც რეალური შედეგი და ქმედებები ჯერ არ მოჰყოლია. არადა, ჩვენი კვლევის შესახებ იციან ჯანდაცვის სამინისტროში და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტშიც“.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრის, ქობულეთის მაჟორიტარის „ქართული ოცნებიდან” ფატი ხალვაშის განცხადებით, „თუ დღევანდელობას გავითვალისწინებთ, საარსებო მინიმუმი აუცილებლად გადასახედია. ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც კი იყო“.

 

რატომ არ იცვლება საარსებო მინიმუმის გამოთვლის პოლიტიკა ან/და როდის შეიცვლება?

„საარსებო მინიმუმი სენსიტიური საკითხია, ამაში მრავალი ექსპერტი მონაწილეობს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ძალიან დინამიკური და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ვფიქრობ, მალე ის დაზუსტებული მეთოდოლოგიით გამოითვლება“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

ის, რომ გარკვეული ჯგუფი ნამდვილად მუშაობს საარსებო მეთოდოლოგიის გადახედვაზე, „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, თუმცა, ვინ რა კუთხითაა ჩართული, არ კონკრეტდება. მაგალითად, სტატისტიკის სამსახურში ამბობენ, რომ რაც მათ გარეშე ვერ გაკეთდება, იმაში ჩართავენ უშუალოდ და ასეთ საკითხებს მათ გარეშე არ განიხილავენ.

 

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ კანონით, საარსებო მინიმუმი გამოიყენება მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის; ასევე ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის დადგენისთვის; ისეთი მოდელის შესამუშავებლად, „რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან“.

 

ქეთევან კრიალაშვილის განცხადებით, აუცილებელია გადაიხედოს მეთოდოლოგია, შეიცვალოს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც, თუმცა „ეს იმას არ ნიშნავს, რომ მყისიერად მოხდეს სოციალური დახმარებების, პენსიების და ა.შ. ზრდა. მთავარია, სწორად იყოს დათვლილი საარსებო მინიმუმი და ეტაპობრივად, ბიუჯეტების დამტკიცების დროს, როცა გვეცოდინება სოციალური პროგრამები ვერ პასუხობენ საარსებო მინიმუმს – უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ კუთხით ხარჯები გაიზარდოს. რაც შეეხება პენსიას, ზოგადად, საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუმცა, ეს რაიმე კანონით გაწერილი არ არის“.

 

ქეთევან კრიალაშვილი, რომელიც “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ზემოაღნიშნულ კვლევებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ მიუხედავად ოფიციალურად დადგენილი საარსებო მინიმუმისა (160 ლარი), ბევრი სოციალური პროგრამა ამ ნიშნულთანაც კი არ არის თანხვედრაში (მაგალითად, შშმ პირებთან მიმართებაში, და სხვ.): „რაც შეეხება ჩვენს კვლევას, რეგიონებიდან მიღებული შედეგებით გამოვიყვანეთ საშუალო მონაცემი ქვეყნისთვის. კვლევამ რეგიონებს შორის 5-7-ლარიანი სხვაობა მოგვცა. ყველაზე, ასე ვთქვათ, იაფიანი დასავლეთ საქართველოა და კერძოდ ქუთაისი. ბათუმი გაცილებით ძვირადღირებულია“.

 

ზემოაღნიშნული ორგანიზაციის კვლევებით შარშან საარსებო მინიმუმი თბილისში 310,6 ლარი, ქუთაისში – 287, ხოლო ბათუმში 305 ლარი დაფიქსირდა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გასულ წელს, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 144 ლარი 70 თეთრი დაფიქსირდა ივნისში, ხოლო ყველაზე მაღალი – 160 ლარი და 60 თეთრი ოქტომბერში. გასული წლის დეკემბერში კი საარსებო მინიმუმი 159 ლარი და 40 თეთრი იყო.

 

საქართველოს კანონმდებლობით, საარ¬სებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წინადადებების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ არც ერთ უწყებას მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული წინადადება ამ ეტაპზე არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი