საზოგადოება

“სპუტნიკის” კვალდაკვალ – კისელიოვის პროექტის ბუნდოვანი მომავალი საქართველოში

17 ნოემბერი, 2014 •
“სპუტნიკის” კვალდაკვალ – კისელიოვის პროექტის ბუნდოვანი მომავალი საქართველოში

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “როსია სეგოდნიას” პროექტი “სპუტნიკი” საქართველოშიც ჩაეშვა და მისი გადაცემები კომპანია R-Radio-ს FM 101.4-ზე, რადიო “მონტე კარლოს” ეთერში გავიდა, ამ ფაქტით კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესდა. როგორც კომისიის პრესსპიკერმა ხატია ყურაშვილმა გვითხრა, R-Radio-სგან, რომლისგანაც პროექტის ფარგლებში “სპუტნიკი – საქართველო” ყოველდღიურად 4-საათიან საეთერო დროს ქირაობდა, მიიღეს პასუხი, რომ კომპანიებს შორის მხოლოდ ზეპირი მოლაპარაკება არსებობდა და ის შეწყდა, როდესაც ‘სპუტნიკის’ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა.

ამ დროისთვის “სპუტნიკის” მიერ მომზადებული გადაცემები ეთერში აღარ გადის. ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ “როსია სეგოდნიასთვის” გადაცემებს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “ნიუსჯორჯიას” რადიო-განყოფილება ამზადებს თბილისში ნაქირავებ სტუდიაში, რომელსაც ანტონ ლასხიშვილი ხელმძღვანელობს. იგი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ინფორმირებული არ არის, რა ბედი ელის მათ მიერ მოზადებულ კონტენტს:

“ჩემს თემაში ეს საკითხი არ შემოდის. ეს არის ნიუსჯორჯიას რადიოსტუდია, ნიუსჯორჯიას სამსახური, ქვედანაყოფია. ჩვენ ყოველდღიურად გვევალება გადაცემების მომზადება და FTP სერვერზე დადება. მეტი ჩვენს ფუნქციაში არაფერი შედის, მაუწყებლობასთან დაკავშირებით მე ინფორმირებულიც კი არ ვარ”, – ამბობს ლასხიშვილი და დასძენს, რომ მან R-Radio-ს გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლობის გაწყვეტის თაობაზე ტელევიზიიდან გაიგო. ლასხიშვილის თქმით, იგი ცოტა ხნის წინ სააგენტო “ნიუსჯორჯიას” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა რადიოს მიმართულებით და სიტუაციაში უახლოეს დღეებში გაერკვევა, რის შემდეგაც არა მხოლოდ კონტენტის წარმოების, არამედ მაუწყებლობის თაობაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხებს.

საინფორმაციო სააგენტო ნიუსჯორჯიას განყოფილებას, რომელსაც ლასხიშვილი ასახელებს, მისივე თქმით, “რადიო-სტუდია სპუტნიკ-საქართველო” ჰქვია. საინფორმაციო სააგენტო “ნიუსჯორჯიას” დირექტორი ელენე იმედაშვილი აცხადებს, რომ არც მან იცის, როგორ განკარგავს “როსია სეგოდნია” ნიუსჯორჯიასგან” კონტრაქტის საფუძველზე ნაყიდ კონტენტს, რადგან ეს საკითხი არც მას ეხება:

“საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA­-ს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, არანაირად არ ეხება ის ხელშეკრულებები, რომლებსაც მაუწყებლობის შესახებ აფორმებდა „მონტე­კარლო“, ხოლო პირადად მე არავისთან არ გამიფორმებია შეთანხმებები არც „სპუტნიკის“ მაუწყებლობის, არც საეთერო დროის იჯარის შესახებ. ისიც კი არ ვიცი, სად მდებარეობს „მონტე­კარლოს“ ოფისი.

რაც შეეხება კონტენტს: ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა ფორმატის კონტენტს – ტექსტურ, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალას, რომელსაც ჩვენგან ყიდულობს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“. კონტრაქტის თანახმად, ჩვენ უფლება არ გვაქვს, თავად მივაწოდოთ ვინმეს გაყიდული კონტენტი, ამ შემთხვევაში ლაპარაკია აუდიო­მასალაზე. კონტრაქტში ასევე ჩადებულია, რომ წარმოებულმა კონტენტმა არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა, რაც მნიშვნელოვანია. შესყიდული კონტენტის გავრცელების უფლება აქვს მხოლოდ „როსია სეგოდნიას“, ხოლო მე არ ვარ ინფორმირებული, ვის გადასცემს „როსია სეგოდნია“ ამ უფლებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – ჩვენ მისი გავრცელების უფლება არ გაგვაჩნია. აუდიო­პროდუქციის შექმნაზე პასუხისმგებელია NEWSGEORGIA­-ს აღმასრულებელი დირექტორი ანტონ ლასხიშვილი. ის არის პასუხისმგებელი პროდაქშენ-­სტუდიის ორგანიზებასა და იმაზე, რომ წარმოებული აუდიო­კონტენტი იყოს ხარისხიანი, შეესაბამებოდეს ყველა ტექნიკურ ნორმას და არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას”, – ამბობს ელენე იმედაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაუკავშირდა “როსია სეგოდნია” სააგენტო “ნიუსჯორჯიას”, იმედაშვილი განმარტავს:

“ადრე ჩვენ, საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA­-ს გვქონდა კონტრაქტი სააგენტო „რია ნოვოსტისთან“. ამ უკანასკნელის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეიქმნა მისი სალიკვიდაციო კომისია, ხოლო კონტენტის წარმოებაზე ყველა ქვეყნის ადგილობრივ სააგენტოებთან კონტრაქტები გადავიდა „როსია სეგოდიასთან“. მე წარმოვადგენ იმ სააგენტოს ინტერესებს, რომლისგანაც „როსია სეგოდნია“ ყიდულობს კონტენტს. ჩვენს შორის კონტაქტები ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ფორმას ატარებს. „როსია სეგოდნიასთან“ ჩვენს კონტრაქტს ვადა უმთავრდება 30 ნოემბერს და კიდევ გავიმეორებ: ეს არ ეხება რადიომაუწყებლობის ორგანიზებას”.

საინფორმაციო სააგენტო “ნიუსჯორჯიას” წარმომადგენლების ეს განმარტებები წინააღმდეგობაშია შპს R-Radio-ს დირექტორ ქეთევან კერესელიძის წერილთან, რომელიც მან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მისწერა. წერილში კერესელიძე ამტკიცებს, რომ ზეპირი შეთანხმება “რადიო-სტუდია სპუტნიკ-საქართველოს” კონტენტის R-Radio-ს ეთერში განთავსებაზე მათ სწორედ სააგენტო “ნიუსჯორჯიასთან” დადეს.

რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” რეორგანიზაციის პროცესი ვლადიმირ პუტინის ბრძანებით გასული წლის ბოლოდან დაიწყო. მის ბაზაზე ახალი საინფორმაციო საშუალება “როსია სეგოდნია” ყალიბდება. თბილისში “რია ნოვოსტის” ბიუროს ბესიკ ფიფია ხელმძღვანელობს, თუმცა “სპუტნიკის” კონტენტენტის მაუწყებლობაზე პასუხისმგებლობას ისიც თავიდან იცილებს.

როგორც ფიფიამ ნეტგაზეთს უთხრა, იგი ჯერ “როსია სეგოდნიას” ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში არ დარეგისტრირებულა, ამიტომ ვერ გვიპასუხებს კითხვებზე, რას აპირებს “როსია სეგოდნია” სპუტნიკთან” დაკავშირებით.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გააგრძელებს “სპუტნიკი” საქართველოში მაუწყებლობას, მიმართავს თუ არა სხვა რადიოკომპანიას ეთერის დაქირავებასთან დაკავშირებით, თუ ახალი სიხშირის შეძენას ეცდება, რისთვისაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საჯარო კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

საინფორმაციო სააგენტო “როსია სეგოდნიამ” [“Россия сегодня”] ახალი მულტიმედიური ბრენდი Sputnik, რომელიც ათეულობით ქვეყანაში იმაუწყებლებს, 10 ნოემბერს ჩაუშვა. როგორც რია-ნოვოსტი წერს, უკვე 2015 წელს რადიო 30 ენაზე მსოფლიოს 130 ქალაქში იმაუწყებლებს.

“Sputnik-ის კონტენტი გათვლილია იმ მრავალმილიარდიან აუდიტორიაზე, რომელიც დაიღალა ერთპოლარული მსოფლიოს თავსმოხვეული პროპაგანდით და ალტერნატიული თვალთახედვა სჭირდება,” – განაცხადა “როსია სეგოდნიას” გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი კისელიოვმა.

კისელიოვი სპუტნიკის პრეზენტაციაზე/ria.ru-ს ფოტო

კისელიოვი სპუტნიკის პრეზენტაციაზე/ria.ru-ს ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი