დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ არის გავრცელებული.
“200-მდე სახეობის ვირუსი არსებობს, რომელიც გრიპისმაგვარ სიმპტომატიკას იწვევს. ეს შეიძლება იყოს ტემპერტურის მატება, თავის, ყელისა და სახსრების ტკივილი. ხშირად კლინიცისტებისთვისაც ძალიან რთულია მათი გარჩევა. თუმცა ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი იმ ვირუსებზე, რომელიც იწვევს რესპირაციული სიმპტომებით მიმდიანრე დაავადებებს, ამჟამადაც მოსახლეობაში სწორედ ასეთი ვირუსებია გავრცელებული. ხოლო გრიპის ვირუსის შემთხვევები არ გვაქვს ამ ეტაპზე,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ხათუნა ხაზაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ხაზაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე გრიპის ვირუსი არ არის დაფიქსირებული, მისი გავრცელება მოსალოდნელია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მაღალი რისკის ჯგუფების წარმომდგენლებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მაღალი რისკის ჯგუფებს გრიპის ვაქცინებით უკვე უახლოეს დღეებში უფასოდ უზრუნველყოფს. როგორც სპეციალისტი ამბობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალი რისკის ჯგუფებს აკუთვნებს ნებისმიერი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ორსულებს, სპეციალურ თავშესაფრებში [ბავშვთა, მოხუცთა] მცხოვრები პირებსა და სამედიცინო პერსონალს.
თუმცა ხაზაშვილი ამბობს, რომ საქართველოში უფასო ვაქცინებით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული პირების, სპეციალურ თავშესაფრებში მცხოვრები პირებისა და ზოგიერთი სამედიცინო მიმართულების პერსონალის.
“მაგრამ რეკომენდებულია მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმაც გაიკეთოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც თავადვე უნდა შეიძინონ.”
მისი განმარტებით, გრიპის ვაქცინის გაკეთებიდან 1 წლის განმავლობაში ადამიანი გრიპის ვირუსისგან დაცულია, თუმცა სხვა ტიპის ვირუსებისგან ვაქცინა არ იცავს.
“დანარჩენი ვირუსებზე გვაქვს რეკომენდაცია, რომელიც ზოგად გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს შეეხება,- ეს არის საჭირო რაოდენობის ფიზიკური აქტივობები, სუფთა ჰაერი, საკმარისი ძილი, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და სველი წესით დასუფთავება, სუფთა ხელები [უმთავრესად ხელებით გადაგვაქვს ვირუსები] და ა.შ. ვინაიდან ეს ვირუსებიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. გარდა ამისა, რეკომენდაცია იმათ, ვინც არის ინფქციის წყარო – თუ ადამიანი გრძნობს, რომ ავად არის, გადაუდებელი საჭიროების გარდა, სახლში უნდა დარჩეს. ამით ის შეამცირებს გართულებების რისკსაც და საზოგადოებასაც დაიცავს ვირუსისგან.”
