საზოგადოება

“იესოს არ უთქვამს – გაჩუმდი, ქალო”

10 ივლისი, 2014 • • 2962
“იესოს არ უთქვამს – გაჩუმდი, ქალო”

ბოლო სამ თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობას 13 ქალი ემსხვერპლა. ამ სტატისტიკას საზოგადოების ნაწილი მძიმე სოციალური პირობების გარდა იმ კულტურულ და რელიგიურ დოგმებსაც უკავშირებს, რომელზეც აქცენტს ხშირად აკეთებენ სასულიერო პირები. საქართველოს პატრიარქი თავის ქადაგებებში ხშირად ეხება ქალის მოვალეობების თემას. ერთ-ერთ ქადაგებაში ის ამბობდა: “არის შემთხვევები, როცა ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დედას”; პატრიარქი ამავდროულად მოუწოდებს ქალებს დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე: “როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს”.

 

უკავშირდება თუ არა ქალის მეორეხარისხოვნება რელიგიას, თუ ის არის კულტურის ან ცალკეული ინდივიდების შინაგანი ინტელექტის დეფიციტის შედეგი? – ამ კითხვას პასუხობენ საქართველოში წარმოდგენილი რელიგიური უმცირესობების სასულიერო ლიდერები და საკითხით დაინტერესებული პირები.

 

ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის პასტორის, ვარლამ რამიშვილის აზრით, დაბადების წიგნის მიხედვით, “ღმერთმა შექმნა კაცი თავის მსგავსად და ხატად. შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. აკურთხა ისინი და უწოდა ორივეს – ადამიანი”.

 

პასტორის თქმით, ქალი და მამაკაცი სულიერი გადარჩენის კონტექსტშიც თანასწორუფლებიანია: “ორივე გადარჩება ქრისტეს რწმენით”. ქრისტეში თანასწორობის იდეას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს პავლე მოციქული, როცა ამბობს: “სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, ბარბაროსი და სკვითი, მონა და თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგან ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში”.

 

პასტორის თქმით, ქალი და მამაკაცი ღირსებისა და ფასეულობის მხრივაც თანასწორია, რადგან “ორივე მათგანისთვის ერთნაირად იქნა დაღვრილი ქრისტეს სისხლი”. თუმცა, როგორც სასულიერო პირი ამბობს, არსებობს “ღმერთის მიერ დადგენილი წესრიგი, რომელიც ასეთი ფორმულით გამოიხატება: მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცი, ხოლო ქრისტეს თავი ღმერთი”. ეს არის ის სუბორდინაცია, რომელიც დადგენილია და ეს არ არის დისკრიმინაცია”.

 

ვარლამ რამიშვილის თქმით, ქრისტიანობისთვის მიუღებელია ჩაგვრა, “ქმარი არ არის ცოლის დამსჯელი ინსტანცია, რადგან ეფესელთა წერილში ვხედავთ დამოკიდებულებას: “ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის”. ან კიდევ: “ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული. ცოლის მოყვარეს თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოუძულებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და ასაზრდოებს მას, როგორც უფალი ეკლესიას”. სად არის აქ ჩაგვრა? ქმრის ურთიერთობა ცოლისადმი ისეთია, როგორც ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთობა. ქრისტე ეკლესიას არ ჩაგრავს, არამედ თავს სწირავს მისთვის. სახარება ადამიანის გულსა და გონებაში მომხდარი ცვლილებებით აყალიბებს ახალ ღირებულებებს. ასეთ ახალ ღირებულებებს აყალიბებს ქრისტე ქალებთან დაკავშირებითაც”.

 

პროტესტანტული ეკლესიების დიდი ნაწილი აძლევს ქალს უფლებას, იყოს ეკლესიის წინამძღოლი, რასაც ვერ ვხვდებით ორთოდოქსულ ეკლესიებში ან სხვა რელიგიებში. “ღმერთმა ყველაზე დიდი უწყება მისი აღდგომის შესახებ სწორედ ქალს დაავალა. მოწაფეებს გაუკვირდათ ქრისტეს საუბარი სამარიტელ ქალთან, რადგან იმ დროს ქალის სიტყვა არაფრად მიიჩნეოდა. მაგრამ ქრისტეს შემოაქვს რევოლუციური, ახლებური გაგება აზროვნებაში, რომელიც უნდა განვითარებულიყო და მოსულიყო დღემდე. სახარებაში ბევრია ასეთი გარდამტეხი მარცვალი. ასეთი იყო მონობის საკითხიც. პავლე ეუბნება ფილიმონს წერილში: “შენი მონა ონისიმე არ მიიღო როგორც მონა, არამედ როგორც შენი ძმა. სახარება არ ეუბნება პირდაპირ მონებს, რომ აჯანყდნენ, მაგრამ ეუბნება მონას, თუ გაქვს უკეთესი არჩევანის შესაძლებლობა, აირჩიე უკეთესი”.

 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს არ აქვს სწორხაზოვანი პასუხი კითხვაზე – რა უწყობს ქალის დისკრიმინაციას ხელს: “ეს არის რაღაცნაირი მოჯადოებული წრე, რადგან კულტურაც რელიგიით არის ნასაზრდოები და რელიგიური ხედვებიც ზოგჯერ დაფუძნებულია კულტურულ ხედვაზე. ორთოდოქსებს რომ თავი დავანებოთ, პროტესტანტული ფრთის ქრისტიანებშიც კი არსებობს მკაცრი, კონსერვატული მიდგომა ქალებისადმი, მაშინ, როცა ისინი ერთ წერილს კითხულობენ და ერთი ღმერთი სწამთ. მე მგონი ეს დამოკიდებულია საზოგადოების მოწიფულობაზე. თუ მოისურვებს საზოგადოება, რომ საღვთო წერილი მათთვის იყოს არა იდეოლოგია, არამედ ცხოვრების ნაწილი, მაშინ ზედაპირული ფრაზებით აღარ აღიქვამენ მას. ასე მოხდა ლუთერის დროსაც, რეფორმაცია დაიწყო მაშინ, როცა ადამიანებმა დაიწყეს სახარების კითხვა და ფიქრი”.

რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

 

ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ დღეს ეკლესია საქართველოში აღარ არის მარტო რწმენის, არამედ პოლიტიკური ინსტიტუტიც, რომელიც ცდილობს იყოს ნაკლებად მოძრავი და არ დასვას კითხვები: “მე მეშინია იმ დროის, როცა დაიწყება კითხვების დასმა არა ღმერთის ძიების მოტივით, არამედ ეკლესიის კრიტიკის მოტივაციით და შეიძლება ღმერთი მიაყოლონ ეკლესიას. რადგან ეს იქნება ნიჰილიზმის პერიოდი, როცა ღმერთზე საუბარი ჩაითვლება არამოდურად, არამედ აგრესიად მორწმუნეების მიმართ. ეს დრო დაუდგა ჰოლანდიას, რადგან ეკლესიამ, როცა ძალაუფლება ჰქონდა, არავის მისცა თავისუფლად სუნთქვის საშუალება. ჩვენ გვაქვს ოქროს დრო, რადგან დღეს ადამიანს უნდა ღმერთი, მაგრამ თუ ყელში ამოუვათ მარწუხები, ადამიანები შეეცდებიან გაექცნენ ეკლესიას”.

 

კათოლიკე მღვდლის, მიხეილ სურმავას აზრით, ქალთა უფლებების არასწორად წაკითხვასა და რელიგიური დოგმებით მანიპულირებას როგორც ადამიანის შინაგანი კულტურა, ასევე ეკლესიის სხვადასხვა ინტერესი ახალისებს.

 

“მართალია, ქალს როგორც წინამძღოლს არ აღიარებს კათოლიკური ეკლესია, თუმცა მისი როლი ეკლესიისა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაკნინებული არ არის”.

 

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ იესო ქალის სიტყვას უსმენს და ასრულებს: “როცა მარიამმა სთხოვა იესოს მოეხდინა სასწაული, მას არ უთქვამს – გაჩუმდი, ქალო. მოუსმინა და გააკეთა. ამით თქვა მან, რომ ქალის სიტყვას აქვს ფასი”.

 

მღვდელს მოჰყავს ქალი წმინდანების, ასევე კათოლიკე მონაზონი ქალის დედა ტერეზას მაგალითი, თუ რა ადგილი აქვს ქალს საეკლესიო მსახურებაში.

 

“ის უბრალო მონაზონი იყო, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა. მე არ მომწონს, როცა მონაზვნები შეშინებულები დადიან და სასულიერო პირების მბრძანებლურ ტონს პასუხობენ: “ახლავე მამაო”. ეს არ არის ეკლესია. მღვდლებმაც უნდა შეიცვალონ მენტალიტეტი და პატივი სცენ ქალებს”.

 

მიხეილ სურმავა ამბობს, რომ ქალების მიმართ სიძულვილის ენას კათოლიკე მღვდლებიც იყენებდნენ: “ეს იყო შეცდომა… თუ ქალი არის ბინძური, ცოდვილი და ეშმაკეული, მაშინ ვინ არიან წმინდანი ქალები? ვინ გააჩინა მხსნელი? ეს არასწორი ქადაგებაა. მსოფლიოში იცვლება მიდგომები და იცვლება კათოლიკე ეკლესიის მიდგომაც. დღეს პაპი საუბრობს ქალზე, როგორც ყვავილზე, რომელიც არომატს აძლევს ეკლესიას. ქალს აქვს უფლება დაიჭიროს ევქარისტია ხელში, რაც წარმოუდგენელია ბევრ ეკლესიაში”.

 

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ქრისტე არის და იქნება ყოველთვის თანამედროვე: “რადგან ადამიანები თვითონ ვამუხრუჭებთ ჩვენს განვითარებას”.

 

საზოგადოების შეხედულებით, ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ინსპირატორია ისლამიც. თუმცა “ქართველ მუსულმანთა კავშირის” ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ქალთა ჩაგვრის მომხრე არც ისლამია: “არაბეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ისლამი გავრცელდა, ქალის უფლებები ნულამდე იყო დაყვანილი. ქალი ითვლებოდა ნივთად და ღარიბები ცოცხლად მარხავდნენ ახალშობილ გოგონებს, რადგან ვერ ხედავდნენ მათ მომავალს. ეს კულტურის შედეგი იყო და არა რელიგიის. ისლამმა შეაჩერა ეს პროცესი და ქალს მემკვიდრეობის უფლებაც მისცა”.

 

თუმცა, ისლამი მამაკაცს ქალზე ერთი საფეხურით მაღლა აყენებს. ტარიელ ნაკაიძის აზრით, ეს ხდება არა ქალის დისკრიმინაციის გამო, “არამედ ვალდებულების გამო ქალის მიმართ”.

 

ტარიელ ნაკაიძის აზრით, საზოგადოების განვითარების მიუხედავად, ისლამში კვლავ რჩება კულტურული ტრადიციები, რომელიც მამაკაცს “ერთი საფეხურით უპირატესობა” ბოროტად გამოყენების უფლებას აძლევს.

 

კითხვაზე, – არის თუ არა ჩადრი ქალთა დისკრიმინაციის ფორმა? ტარიელ ნაკაიძე ამბობს: “ის, რომ ქალმა საკინძემდე უნდა გადმოიფაროს თავსაფარი, ეს არის რელიგიური დოგმა, თუმცა ის, რაც ხდება ირანში, ეს არ არის ისლამი”.

 

ქალთა წინამძღოლობას ღვთისმსახურებაში უარყოფს ისლამიც, თუმცა “აძლევს უფლებას იყოს წინამძღოლი სხვა სფეროში, მაგალითად, წმ. აიშე იყო მთავარსარდალი. ისლამი აძლევს ქალს სწავლისა და სოციალური საქმიანობის უფლებას”. ტარიელ ნაკაიძის აზრით, ისლამი არც ქალთა იძულებით ქორწინებას აღიარებს.


 

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი, აიხშტეტის უნივერსიტეტის დოქტორანტი:

 

ქალთა უფლებების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებასა და რელიგიური დოგმების აღქმას საფუძვლად უდევს იუდაისტური კულტურის მკაცრად პატრიარქალური ცნობიერება, მათ შორის ქალის ღვთისმსახურების საკითხშიც.

 

ეკლესიამ ვერ მოახერხა მანამდე არსებული ქსოვილის ბოლომდე გარღვევა, რომ ადამიანების ცნობიერება მიეახლოებინა აზროვნების ქრისტიანულ სტანდარტებთან. პირიქით, ამ წინაღობებთან ბრძოლაში დამარცხდა კიდეც. ქართველებს რცხვენოდათ კიდეც, რომ მოციქულთა სწორმა ქალმა, ნინომ მოაქცია საქართველო. ამიტომ არც ჰაგიოგრაფიულ და არც ლიტურგიკულ ტექსტებში ამის შესახებ მერვე საუკუნემდე არაფერი გვხვდება.

 

მას შემდეგ, რაც ქართველმა ბერებმა ქვეყნის გარეთ დაიწყეს მოღვაწეობა და ჩაებნენ ცოდნის დაგროვების ქსელში, ნინოს მიერ საქართველოს მოქცევის თემაც წინ წამოვიდა. კულმინაცია იყო პატრიარქ ნიკოლოზ გულაბერიძის მიერ შექმნილი ტექსტი, სადაც ქალის მიერ მოქცევა მიიჩნევა არა ნაკლოვანებად, არამედ უპირატესობად. თამარის გამეფებაც იყო ცნობიერების შემოტრიალება ამ პერიოდში და არა ქალთა ემანსიპაციის ისტორიული საწყისი, როგორც ამას დღეს წარმოაჩენენ ხოლმე.

 

რაც შეეხება ქალის ადგილს ეკლესიაში – ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ქალი და კაცი თანაბრად არიან ღვთის ხატად შექმნილნი. ის, რომ ქალი არ უნდა იყოს ღვთისმსახური, ამის საწინააღმდეგო თეოლოგიური არგუმენტი არ არსებობს. საკითხი წყდება იმის მიხედვით, თუ კულტურისა და ისტორიული გამოცდილების რომელ პერიოდს ავიღებთ. დღეს საქართველოში სახეზეა საშინელი ძალადობა ქალებზე სხვადასხვა ფორმით, კულტურული ტიპის ძალადობაში ეკლესიის ხვედრითი წილი დიდია. არადა, პირიქით უნდა იყოს, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, ისინი ინაწილებენ ყველაზე შრომატევად საქმეს, როგორიცაა: გალობა, მესანთლეობა, ტაძრის დალაგება თუ სხვა საქმიანობა. ეკლესია სიამოვნებით ავალებს ქალებს შავი სამუშაოს შესრულებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართულობას ეწინააღმდეგება.

 

საინტერესოა ისიც, რომ იუდაიზმმა, რომლის ძველი მიდგომები ცოცხლდება დღეს საქართველოში, გადალახა ეს საკითხი და მის მრავალ მიმართულებაში ქალი რაბინი სრულიად ნორმალური მოვლენაა. მაშინ, როცა საქართველოში დღემდეა მიდგომა, რომ “დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა”. ქრისტიანობის შინაარსი პატრიარქალური გახდა და ამის მიზეზი ყველაზე მეტად ეკლესიის პოლიტიკური ძალაუფლებისა და კულტურის მასკულინური მონოპოლიაა”.


მასალების გადაბეჭდვის წესი