საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების მობილური ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით 4 ქალაქში, თბილისში, ბათუმში, თელავსა და ქუთაისში ფუნქციონირებს.

ცენტრს ძირითადად საბერძნეთიდან (34%), გერმანიიდან (16%), ბელგიიდან (11%) და რუსეთიდან (10%) დაბრუნებული მიგრანტები მიმართავენ.

ბოლო 4 თვეში 196 მიგრანტიდან ცენტრმა საქართველოში დაბრუნებულ 3 მოქალაქეს ბინის ქირისთვის 1000–1000 ლარი გადასცა, 4 პირს პროფესიული სწავლება დაუფინანსა, 10 მიგრანტს კი ბიზნესისთვის 3 000 ლარი გადაეცა.

დოდო ლივიევი ერთ–ერთი მიგრანტია, რომელმაც მცირე ბიზნესისთვის გათვალისწინებული 3 000 ლარი მიიღო. ის შვეიცარიაში 2-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და კაფე–ბარის გახსნას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, მიღებული ფული მხოლოდ მაგიდების და სკამების შესაძენად ეყო და ეს დახმარება ემიგრაციიდან მისი დაბრუნების განმაპირობებელი ვერ გახდებოდა:

“2 წელი ვიცხოვრე ციურიხში, ლტოლვილად ჩავბარდი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი იქ მთავრობის, კარგ პროგრამაში ვიყავი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დაბრუნება. ძალიან მომენატრა საქართველო და ვერ გავუძელი”, – ამბობს დოდო ლივიევი. მისი თქმით, მას ძველ თბილისში, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილზე საკუთრებაში ფართი ჰქონდა, სადაც ბიზნესის წამოწყებას აპირებდა, ხოლო მობილური ცენტრის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც დაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. მისივე თქმით, ჩამოსვლის შემდეგ მას სამედიცინო დახმარების მიღებაც უნდოდა, თუმცა უთხრეს, რომ ან სამედიცინო დახმარება უნდა აერჩია, ან თანხა მცირე ბიზნესისთვის, ხოლო ორივე სერვისს ერთად ვერ მიიღებდა, მან თანხის აღება არჩია, თუმცა ეს თანხა მხოლოდ ნაწილობრივ დაეხმარა.

ასევე ნაწილობრივ ეხმარება პროგრამით მიღებული 1000 ლარი იმ სამ მიგრანტს, ვისაც საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში თავშესაფრით უზრუნველყოფა ჭირდებოდა. ამ ფულით ორმა მათგანმა ბინა რუსთავში 5 თვით იქირავა, ხოლო 1 მიგრანტი თბილისში ქირის გადახდას 3 თვის მანძილზე შეძლებს.

რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები კვლავ თავშესაფრის გარეშე არ დარჩნენ? ამ შეკითხვაზე მიგრანტთა მობილური ცენტრის მენეჯერი ციური ანთაძე პასუხობს:

“ჩვენ ვმუშაობთ მათ რეინტეგრაციაზე, რომ მათ გაუჩნდეთ ფინანსური წყარო და ამ დროის გასვლის შემდეგ არ დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე”.

4 თვის მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაციის თანახმად მიგრანტებისთვის დასაქმებაში მხარდაჭერის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

პროგრამის ფარგლებში დასაქმებაში ხელი შეუწყეს 4 მიგრანტს, ხოლო სამუშაოს ძებნის ტრენინგი ჩაუტარეს 10 მიგრანტს. პროფესიული სწავლება დაუფინანსდა ასევე ოთხს, ხოლო 12 პირს გაუწიეს კონსულტაცია პროფესიული სწავლების საკითხებზე.

მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს წარმოდგენილ სტატისტიკას მნიშვნელოვანი შედეგი უწოდა:

“ჩვენ ევროკავშირის დახმარებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენი ვალდებულებები გამომდინარეობს არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებიდან, არამედ რეადმისიის ხელშეკრულებიდანაც, და ასევე ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი თანამემამულეების ღირსეულად დაბრუნების და მათი საზოგადოებაში და გარემოში ინტეგრაციის ვალდებულებები, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბოლო 4 თვის გარადა 2011 წლიდან პროექტის ფარგლებში მსგავსი დახმარება 2000–მდე მიგრანტმა მიიღო. როგორც მინისტრი აცხადებს, ევროკავშირის ოთხწლიანი ფინანსური დახმარების ამოწურვის შემდეგ ამ პროექტის განხორციელებას სამინისტრო თავის თავზე აიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *