აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია ბოლო დროს საქართველოში გააქტიურებული რუსეთის მხარდამჭერი მოძრაობების გამო ჩატარდა. 

 

“რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში, სადაც აწარმოებენ დანაშაულებრივ მოლაპარაკებებს ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან, საქართველოს მომავლის შესახებ”.- ნათქვამია განცხადებაში. 

 

აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია საზოგადოება წინ აღუდგეს კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების ანტი-სახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ საქმიანობას და მათი მარგინალიზაცია მოახდინოს. 

 

აქციის დაწყებისას მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა მთლიანად შეავსეს, აქ ნახავდით ტრანსპარანტებს წარწერებით: “დამეხსენი ჩრდილოელო”, “ოკუპანტთან თანამშრომლობა დანაშაულია”, “არ ითანამშრომლო მკვლელთან” და სხვა. 

 

აქციის ორგანიზატორები რიგ-რიგობით მიმართავდნენ შეკრებილებს:

 

” ტანცებით და კონცერტებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ, საჭიროა იურიდიული ინსტრუმენტების ამოქმედება, ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და იმის შექმნა, რის გარეშეც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება სრულიად შეუძლებელია. საქართველოს უნდა ჰყავდეს უზარმაზარი რეზერვი, საქართველოს უნდა ჰყავდეს მოქალაქეების არმია, ვერავითარი 32 000 გულანთებული პატრიოტი ბიჭი ვერ გააჩერებს იმ მტერს, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია. მე მინდა ხელისუფლებამ გამოიღვიძოს. ჩვენ დაგიდგებით გვერზე თუ რაღაც უბედურება მოხდება, მაგრამ დღეს გვინა, რომ გამოიღვიძოთ თქვენ, ამიტომ მოვედით კანცელარიასთან და არა ვაკის პარკში”.- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

 

აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ ხელისუფლების მისამართით, რომლის შესრულებასაც მათი განცხადებით ისინი გააკონტროლებენ.  “ივერიის” წარმომადგენლების განცხადებით ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაატაროს:

 

აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა.


შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება.

კონტროლზე იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი.

აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *