საზოგადოება

საკრებულო ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს

14 მარტი, 2014 • • 1082
საკრებულო ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს

სხდომას მოქალაქეთა გაერთიანება “პარტიზანული მებაღეობის” წევრები, ასევე ურბანულ და გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ქალაქ თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილიც.

 

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხი დღევანდელი სხდომის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო.

 

“ჩვენი წინადადებაა, რომელიც 28 მარტს საკრებულოს სხდომაზე იქნება გამოტანილი, როგორც დადგენილების პროექტი, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი თბილისში მთელ რიგ პროექტებთან დაკავშირებით. არის მშენებლობები, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს და როგორც ეკოლოგიურად, ასევე, არქიტექტურულად ქალაქს ამახინჯებს. თუმცა ჩვენ ვითხოვეთ, რომ დადგენილების პროექტი ეფუძნებოდეს დამოუკიდებელ ექსპერტულ დასკვნას. ის, რომ ეს შენობა არ შეიძლება აქ აშენდეს, ან ეს მწვანე ნარგავები აქ არ შეიძლება გაიჩეხოს, ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს კვალიფიციურ დასკვნაზე და არა ჩვენს სუბიექტურ მოსაზრებაზე”, – აცხადებს საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა.

 

გარემოს დაცვითი კომისიის თავმჯდომარე კახა ფირუაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აღნიშნული მშენებლობის შეჩერებაზე არ გააჩნია, თუმცა ისინი შეეცდებიან პრობლემა შეძლებისდაგვარად მოაგვარონ:

 

“საკრებულო არ არის ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვა გაცემულია მერიაში, შესაბამისად, ვინც ნებართვას იძლევა, შეჩერებაც მას შეუძლია. თუმცა ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევეცდებით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან ისე, რომ არ დაზიანდეს გარემო და იყოს დაცული ინვესტორის ინტერესები. ერთ–ერთი შესაძლო ვარიანტი იქნება, წინადადების სახით მივმართოთ მერიას, რომ შესთავაზოს ინვესტორს აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილმონაცვლეობის საკითხი, თუ ამაზე, რა თქმა უნდა, მერია დათანხმდება. გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, ჩვენ მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, რაც არის საკრებულოს მიერ მიღებული, ვიმსჯელებთ, დავამუშავებთ ცვლილებებს, რომ უფრო გამკაცრდეს რეგულაციები, რომელიც შემდგომში პრობლემებს მოხსნის”, – აცხადებს კახა ფირუაშვილი.

 

კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს გიორგი ქორქაშვილიც. მისი თქმით, მერია დღეს კანონის ფარგლებში მოქმედებს, ხოლო თუ კანონმდებლობა გამკაცრდება, ის ამას მხოლოდ მიესალმება:

 

“თუ კანონი იქნება მკაცრი, მე ამას ორი ხელით მივესალმები, მაგრამ თუ კანონი არ გამკაცრდა, გამოსავალი არ არის. მე მესმის საზოგადოების გულისტკივილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენიც უნდა გაიგონ, ჩვენ ამას სამასხური გვავალდებულებს”, – აცხადებს ქორქაშვილი.

მისივე განმარტებით, დღეს კერძო მესაკუთრეს, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების ნებართვა აქვს აღებული, ხეების მოჭრის უფლება თითქმის ყოველთვის ეძლევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის განხორციელებას ნარგავი ხელს არ უშლის. ქორქაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მერია კერძო მესაკუთრეს უარს ეუბნება, ისინი სასამართლოს მიმართავენ და ნებართვას სასამართლოს ძალით იღებენ.

მოქალაქეთა გაერთიანება “პარტიზანული მებაღეობის” წევრი დათა ლაფაური აცხადებს, რომ საკრებულოში გამართული დღევანდელი შეხვედრა საკრებულოს წევრების მხრიდან ხალხისთვის თავის მოწონებას არ უნდა ემსახურებოდეს და პრობლემაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს:

“როგორც საკრებულოში ამბობენ, მათ არ გააჩნიათ ბევრი იურიდიული ბერკეტი, თუმცა მორალურად და ადამიანურად მხარს გვიჭერენ. იყო შემოთავაზებული ვარიანტები, რომ, მაგალითად, დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში, მე არ ვარ იურისტი, არც დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტმართვაში, ამიტომ მივხვდები რა იყო კარგი შემოთავაზება, როცა დავინახავ შედეგს. მთავარია, გადაიდგას რეალური ნაბიჯები და განხორციელდეს რეალური ცვლილებები, რაც მოგვიტანს შედეგს და არ იქნება მხოლოდ სასიამოვნო დიალოგი და კამერებთან თავის მოწონება”, –  განაცხადა დათა ლაფაურმა.

ალეკო ელისაშვილი, რომელიც დღეს ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარს” წარმოადგენდა, ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა როგორც მწვანე ზოლთან, ასევე, თბილისის ძველ ნაწილში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებითაც და საკრებულო გრძელვადიანი მუშაობისთვის მზად უნდა იყოს:

 

“დღეს გამოუსწორებელი შედეგები გვაქვს თბილისის ძველ არეალში და ასევე მწვანე ზოლთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის და საკრებულო მოწოდებული იყოს გრძელვადიანი მუშაობისთვის. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ წინადადებები, რა უნდა შეიცვალოს ორივე საკითხზე, მაგრამ საკრებულო მზად უნდა იყოს, რომ ამას შეეჭიდოს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

მის განცხადებას გამოეხმაურა  საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე:

 

“ჩვენ არ გვაქვს დღეს ბერკეტი მერიის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება შევცვალოთ. საკანონმდებლო ცვლილებაა განსახორციელებელი, რომ მერიას არ შეეძლოს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება და საკრებულოსთან შეთანხმება ხდებოდეს. მე, როგორც ერთი რიგითი წევრი, მზად ვარ, მაგრამ დიდი შრომა ჭირდება ამას, ვფიქრობ, საკრებულოს სხვა წევრებიც მზად იქნებიან”, – განაცხადა ჯინჭარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი