ბიბლიოთეკა ამჟამად 600-მდე წიგნს მოიცავს, მაგრამ ეს არის ბიბლიოთეკის ბაზისი და საქართველოში წიგნების შეგროვება დღემდე მიმდინარეობს.
ბიბლიოთეკისთვის ადგილი ვახტან გორგასლის სახელობის მართლმადიდებელმა ტაძარმა გამოყო, ხოლო ინიციატივის განხორციელებაში მიუნხენში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ეხმარებოდა. ასევე, წიგნების შეგროვებაში ჩართული იყო მოძრაობა “დავითიანნი” და ორგანიზაცია “Campus Lions Club kutaisi”.
ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდა გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტი გიორგი კეკელიძე. გახსნის შემდეგ გიორგი კეკელიძე იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადაწყდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ მიუნხენში რამდენიმე ათასი ქართველი ცხოვრობს და მათ, სურვილის მიუხედავად, აქამდე არ ჰქონდათ საშუალება მისულიყვნენ გერმანულ ბიბლიოთეკაში და იქ სასურველი წიგნი ქართულ ენაზე წაეკითხათ. ასევე, მიუნხენში ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც აქ დაიბადნენ და ქართული წერა-კითხვა მაინც უჭირთ. ბიბლიოთეკაში საკმაოდ ბევრი საბავშვო წიგნია.
“მოხარული ვარ, რომ დღეს მიუნხენში ქართული ბიბლიოთეკა იხსნება და აქაურებს საშუალება მიეცემათ წაიკითხონ, როგორც ქართველი კლასიკოსების ნაშრომები, ასევე, თანამედროვე მწერლების და პოეტების შემოქმედება. ჩვენი მთავარი სურვილი კი ის გახლავთ, რომ ბიბლიოთეკა განვავითაროთ, მას უფრო და უფრო მეტი წიგნი შევძინოთ და, რაც მთავარია, ბიბლიოთეკამ შეიძინოს ქართული კერის დატვირთვა, სადაც მოვიწვევთ ხოლმე გამოჩენილ მწერლებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს და ისინი აქ მცხოვრები ქართველებისთვის ლექციებს წაიკითხავენ”, – განაცხადა ბიბლიოთეკის გახსნის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზურაბ დოგრაშვილმა.





