საზოგადოება

შარვალი კაბის ქვეშ – ფორმა გოგონებისთვის

11 თებერვალი, 2014 •
შარვალი კაბის ქვეშ – ფორმა გოგონებისთვის

„შარვლის ჩაცმა გვინდა, მაგრამ ვერ ვიცვამთ. დირექტორმა რომ დაგვინახოს შარვლით, ალბათ გაგვრიცხავს სკოლიდან და ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. ვერც ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა ჩავიცვათ. დირექტორმა, არ შეიძლებაო. ეს ისეთი სკოლაა, გოგონებს უნდა გეცვათ კაბები, როგორც ფორმები ისეო. თუმცა სკოლას ზოგადად ფორმა არ აქვს,” – ამბობს ბარათაულის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

 

ბარათაულის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს:

 

„როგორც ასეთი, მოსწავლის ფორმა წელს აღარ გვაქვს, მაგი დაწყებით კლასებში ხდებოდა. როგორც უნდათ ისე ჩაიცვან, მაგრამ შარვლებს გოგონებს არ ვაცმევთ მაინცადამაინც. ეს გაწერილია სკოლის შინაგანაწესში. შარვალი შეიძლება ეცვას, მაგრამ გარედან კაბა უნდა გვქონდეს. ეს ფორმა გვაქვს ჩვენ”.

 

სასკოლო ფორმა არ აქვს სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლას. სკოლის დირექტორის, მამუდ მიქელაძის განცხადებით, შინაგანაწესით განსაზღვრული აქვთ სასკოლო ტანსაცმლის ფერი, შავი შარვალი/კაბა და თეთრი ზედატანი.

 

„მაღალ კლასებში არ აცვიათ ფორმები. ზამთარში ვერ ვზღუდავთ მაინცადამაინც. ზამთარში შარვალი აცვიათ გოგონებსაც. დიდთოვლობაა, ბავშვი შეიძლება გაგვიცივდეს. ჩემს სკოლაში პერიფერიებიდან დადიან ბავშვები. “მარშუტკა” ვერ ემსახურება. როცა ბავშვი სამ კილომეტრს გადმოლახავს და სკოლაში მოვა, ის ბავშვი ხომ დასველდება თოვლში, წვიმაში. ამიტომ არ ვზღუდავთ ჩაცმის სტილს”, – ამბობს მამუდ მიქელაძე.

 

რამდენად სწორია, როცა სკოლის ადმინისტრაცია ზღუდავს მოსწავლეთა ჩაცმის სტილს გენდერული ნიშნით. როცა სკოლას ფორმა არ აქვს, თუმცა მოსწავლე გოგონებს შარვლის ჩაცმა ეკრძალებათ? ექსპერტი გენდერის საკითხებში, თამარ ბაგრატია ამბობს, რომ გოგონებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რადგან შარვალი ან კაბა არ აფერხებს სასწავლო პროცესს და ხელს არ უშლის განათლების მიღების შესაძლებლობას.

 

„იმ შემთხვევაში, თუ სკოლის შინაგანაწესით ან რაიმე სხვა ტიპის რეგულაცია არ ავალდებულებს სკოლის მოსწავლეებს იარონ უნიფორმით, შარვლის აკრძალვა გოგონებისათვის დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს და იმ სტერეოტიპების გამოძახილია, რომელსაც საზოგადოებაში, არამხოლოდ ამ ფოკუსით, ვხვდებით ქალთა მიმართ. ზოგიერთ რეგიონში ნაადრევი ქორწინების მაღალი სტატისტიკაც ამ სტერეოტიპის ნაწილია. გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ. ჩაცმულობასთან დაკავშირებული მსგავსი ზეპირი რეგულაციებიც მოზარდთა უფლებების დარღვევის ფაქტებად შესაძლოა იქნეს განხილული,” – ამბობს თამარ ბაგრატია.

 

ზოგადი განათლების შესახებ კანონით (მე-14 მუხლი) სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლესა და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი