მისი თქმით, იაშვილის კლინიკას სალიცენზიო- სანებართვო პირობების ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრული ვადები მიეცემა:
“დადასტურდა ის შემთხვევები, რის გამოც იყო სამედიცინო სერვისების მიწოდების წყვეტა და ის არეულობაც. თუმცა, პარალელურად გამოიკვეთა სალიცენზიო სანებართვო პირობების ხარვეზები. ახლა მუშაობას ასრულებს რეგულირების სააგენტოს ჯგუფი, რომ მისცეს კონკრეტული რეკომენდაციები და გონივრული ვადები ხარვეზის გამოსასწორებლად”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 2011 წლის მაისში გაიყიდა, რომელსაც ბოლო დრომდე ფლობდა შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ი (ყოფილი შპს “ნიუ ლაიფი”). 2013 წლის 12 აგვისტოს შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის 50-50%-იანი წილები იყიდეს თურქეთის მოქალაქეებმა – აბდულა კურსად დარჩინიმ და აზმი ოფლუღლუმ, რომელთა წარმომადგენელია, ასევე, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი. სწორედ ტეკინ ატიკს დაუპირისპირდა რამდენიმე კვირის წინ იაშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალი, რის შემდეგაც კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი შევიდა.