საზოგადოება

“თეთრი ხელჯოხის დღე” და აქცია უსინათლოთა უფლებების დასაცავად[VIDEO]

15 ოქტომბერი, 2013 •
“თეთრი ხელჯოხის დღე” და აქცია უსინათლოთა უფლებების დასაცავად[VIDEO]

“ადრე უსინათლოებსს ეჭირათ ჩვეულებრივი ხელჯოხი, ამის გამო, როდესაც გზაზე გადადიოდნენ, ან ტროტუარზე მიდიოდნენ, არავინ არ აქცევდა ყურადღებას, ეგონათ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც, მაგალითად, ფეხი სტკივა. ამიტომ იმისათვის, რომ განსხვავება ყოფილიყო, უსინათლოებმა დაიჭირეს თეთრი ხელჯოხი, ამის შემდეგ დამკვიდრდა თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეც”, – ამბობს უსინათლოთა კავშირის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნანა ბრეგვაძე. მისი თქმით, ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში უსინათლოებს ექმნებათ, არაადაპტირებული გარემოა:

“ჩვენ ვითხოვთ, რომ ასეთ ადამიანებს შეექმნათ ისეთი გარემო, სადაც არ იქნებიან საზოგადოებისგან გარიყულები, შეძლებენ თანაბარ პირობებში დასაქმებას, თანაბარ პირობებში განათლების მიღებას და ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას”, – აცხადებს ნანა ბრეგვაძე.

დღევანდელ აქციაზე “შაქართველოს უსინათლოთა კავშირის” წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის “ვიმეგობროთ” წევრებმა რუსთაველის მეტროს წინ ბანერები მიიტანეს, რომლებზეც შემდეგი წარწერები იყო: “დღეს თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეა, გახსოვდეთ, ჩვენც საზოგადოების წევრები ვართ”, “თანაბარი შესაძლებლობები ყველას”, “ვაშენოთ საზოგადოება ბარიერების გარეშე”.

უსინათლოთა კავშირის წევრი რევაზ მაისურაძე აცხადებს, რომ პრობლემების დიდი ნაწილი, რაც უსინათლოებს ცხოვრებას გაუადვილებს, ძალიან მარტივი გადასაჭრელია:

“ჩვენს ქალაქში ზოგიერთ გადასაასვლელზე გაკეთდა ხმოვანი შუქნიშნები, მაგრამ განსხვავებით საზღვარგარეთის ქვეყნებისა, ჩვენთან ქალის ხმით ცხადდება გადასვლა ნებადართულია, ან გადასვლა აკრძალულია, შეიძლება ეს სხვისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ როდესაც ქარი ქრის, ძალიან ძნელია გაარკვიო, რას ამბობს შუქნიშანი, ნებადართულია, თუ აკრძალულია. საზღვარგარეთ ეს საკითხი ძალიან მარტივადაა დარეგულირებული. იმ დროს, როდესაც ნებადართულია გადასვლა, არის უწყვეტი ზუმერი, როდესაც არ შეიძლება გადასვლა, ზუმერი ჩუმდება, ასეთი სიგნალების დამონტაჟებას ყველა შუქნიშანზე დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.

მეორე საკითხი არის ავტობუსებში გაჩერების გამოცხადება, თუკი მარტო მგზავრობ, საკმარისია ჩაფიქრდე, არ გადათვალო გაჩერებები და გამოგრჩება შენი გაჩერება, უმარტივესია გაჩერების გამოცხადებაც.

 

ასევე, როდესაც დგახარ გაჩერებაზე და ავტობუსი მოდის, თუ მარტო ხარ, ვერ გამოიცნობ, რა ავტობუსია. უცხოეთში ტრადიციაა ასეთი- თუკი გაჩერებაზე დგას ადამიანი თეთრი ხელჯოხით, ყველა ავტობუსი აჩერებს მის წინ და აცხადებს მარშრუტს, რომ თუკი უსინათლოს სურს ავიდეს ავტობუსში. რა თქმა უნდა, რაც ჩამოვთვალე, ის ყველაფერი გამვლელებს შეგვიძლია ვკითხოთ, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი გადაადგილების სურვილზე ვსაუბრობთ”, – აცხადებს რევაზ მაისურაძე.

მაისურაძის თქმით, ინფრასტრუქტურის გარდა მეორე ყველაზე დიდი პრობლემა უსინათლოებისთვის, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებისთვის, დასაქმებაა:

“კომუნისტების დროს უამრავი უსინათლო იყო დასაქმებული, თუმცა კომუნისტური საზოგადოება იყო გეგმიური ეკონომიკის საზოგადოება, გეგმიური ეკონომიკა იტანდა რაღაც მონოპოლიებს, უსინათლოთა მონოპოლია იყო, მაგალითად, მინის ქილების სახუფავების გამოშვება, პოლიეთილენის პარკების გამოშვება და ა.შ. მე არ მივტირი იმ დროს, რომ ეს დაბრუნდეს, დღეს უსინათლოთა ხელით შრომა უკვე არაეფექტური იქნება, მაგრამ თუკი ვაკანსიებში, რომელსაც აცხადებს მერია, სამინისტროები თუ სხვადასხვა საბიუჯეტო სამსახურები, არის ადგილები, სადაც უსინათლო ჩვეულებრივად შეძლებს მუშაობას, მოგვცენ ეს შესაძლებლობა. მაგალითად, უსინათლოები თავისუფლად იმუშავებენ სატელეფონო ქოლ–ცენტრში. შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ვაკანსია და დღეს ორი თუ სამი უსინათლო დასაქმებულია ამ სამსახურში, ვისურვებდი, რომ ყველა სახელმწიფო სამსახურმა გაითვალისწინოს, რომ  ტესტები მაინც იყოს ხელმისაწვდომი ჩვენთვის”, – აცხადებს მაისურაძე.

 

მისივე თქმით, ახალი მთავრობის პირობებში გარკვეული წინსვლა მოხდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი:

 

“რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერი გახდა, შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საკოორდინაციო საბჭო, მისი თავმჯდომარეობით. პირველი, რაც გაკეთდა, არის ის, რომ 1995 წლის კანონით, საშემოსავლოდან თავისუფალი ვიყავით 3000 ლარამდე,  საბჭოს ინიციატივით კი ახალი წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი 6000 ლარი იქნება. ასევე დაფინანსდა 52 ხელოვნების სფეროში ჩართული უსინათლო ადამიანი, უკანასკნელი 20 წელია არც ერთ ჩვენგანს ასეთი არაფერი ღირსებია”

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის “ვიმეგობროთ” ხელმძღვანელი გია ჯვარშეიშვილი აცხადებს, მთავარია, რომ საქართველოში ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და შემდეგ ამ კანონის დაცვა იყოს გარანტირებული’;

“პარლამენტში მოხვდა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც კი შექმნილა, გარეოს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების შესახებ და ჩვენ ველოდებით, პარლამენტი როდის მიიღებს. საქართველოში 300 000–ზე მეტია შშმ პირთა რაოდენობა და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული”, – აცხადებს გია ჯვარშეიშვილი.

 

თეთრი ხელჯოხის დღე
თეთრი ხელჯოხის დღე

მასალების გადაბეჭდვის წესი