საზოგადოება

რატომ მიიჩნევენ საქართველოში ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად

11 ოქტომბერი, 2013 •
რატომ მიიჩნევენ საქართველოში ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად

ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60%-ის აზრით, ოჯახში არსებული ძალადობა მათი პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ერეოდნენ, ასევე, 38%-მა არ იცის შესაბამის ორგანოებთან მიმართვის ფორმების შესახებ.

 

კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 3284 ოჯახი და 61 პროფესიონალი, მათ შორის მასწავლებლები, მანდატურები და სოციალური მუშკები გამოიკითხნენ.

 

კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს, 11 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში გაიმართა.

ბავშვთა ძალადობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია
ბავშვთა ძალადობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრობლემა მაშინ გადაიჭრება, როდესაც საგანმანათლებლო კუთხით შესაბამისი რეფორმები ჩატარდება:

 

“მოსახლეობასთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. ბავშვები კი არა, მე მგონი, მშობლებიც გასაზრდელები ვართ. ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მათ შორის ის, რომ ძალადობა არ არის დასაშვები. ძალიან ბევრი ტრენინგია ჩასატარებელი, საგანმანათლებლო მხარეს უნდა მივხედოთ ისე, რომ მოსახლეობის 60%-ს ძალადობა არ მიაჩნდეს დასაშვებად”, – აცხადებს ბესელია.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გახლავთ ინიციატორი იმ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტისა, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია. მისი თქმით, კანონპროექტები ნოემბერში განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომებზე:

 

“იგეგმება ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. 11 კანონში შედის ცვლილება- ადმინისტრაციულში, სისხლში და სამოქალაქოშიც. ეს არის ის ცვლილებები, რაც სტამბოლის კონვენციასთან დაგვაკავშირებს. ადმინისტრაციული სასჯელები დაეკისრება სკოლას, ექიმს და სხვა. ვალდებულ პირს, რომელიც შესაბამის ორგანოებს ძალადობის ფაქტების შესახებ არ აცნობებს, მშობლები ვალდებული იქნებიან,  გაიარონ შესაბამისი ტრენინგები. მე ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს პარლამენტი. ფიზიკური ძალადობის დროსაც გარკვეული სანქციები იქნება”.

 

მაღრაძე მიიჩნევს, რომ პოლიციელებმა უნდა იგრძნონ ვალდებულება და გაიარონ ტრენინგები, რათა გაიგონ იმ მოვალეობების შესახებ, რაც ეკისრებათ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტის დროს.

 

კვლევის პრეზენტატორმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ქეთი მელიქიძემ აღნიშნა, რომ ფოკუს-ჯგუფის ჩატარებისას პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობა მისაღებია და ეს, მათი აზრით, აღზრდის ფორმაა.

 

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე მიიჩნევს, რომ პოლიციელებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ტრენინგები და გაანალიზონ, რომ ძალადობა არ არის აღზრდის ფორმა.

 

ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ  ჩადენილი 181 ძალადობის ფაქტი გამოვლინდა. მისივე თქმით, სამი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული არიან დამნაშავეები. მათ შორის ორი – ოჯახის წევრზე განხორციელებული მკვლელობის ფაქტია. ტაბატაძე აღნიშნავს, რომ იანვრიდან მომხდარი 13 გაუპატიურებიდან 11 ფაქტი გამოვლენილია.

 

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ნიკოლოზ სილაგაძე აცხადებს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში უკვე დაწყებულია გარკვეული რეფორმები. კერძოდ, ყოფილი მანდატურები გადამზადდნენ და მათ, გასული წლებისგან განსხვავებით, უფლება ექნებათ, რომ მშობლებთან ისაუბრონ შვილის პრობლემებზე. ასევე, მათთვის აუცილებელი გახდება კანონის აღსრულება.

 

“მკაფიო აქცენტები უნდა დაისვას მომდევნო თაობის ეროვნულ სასწავლო წლის გეგმაში, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება აღწერილი ძალადობის ფორმები. პედაგოგთა გადამზადების პროცესში აქცენტები სწორედ ამ თემაზე, უნდა დაისვას. როგორც კვლევები აჩვენებს, მასწავლებლებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ თავიანთი ფუნქციების შესახებ. სამწუხაროდ, მათ არ იციან, რომ მთავარი მხოლოდ საგნის სწავლება არ არის”, – განაცხადა ნიკოლოზ სილაგაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

ეკა ბესელიას თქმით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში რამდენიმე ინიციატივა შევა. კერძოდ, მომავალი წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდება. ასევე, მისი თქმით, ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მთავრობასთან ერთად შეიმუშავებს სიღარიბის დაძლევის გეგმას.

UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მესამე – ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამავე დროს ისინი ამბობენ, რომ მზად არიან, თვითონაც იგივე მეთოდებით გაზარდონ შვილები, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს აღზრდის სწორი ფორმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი